
ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები არ შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლები გადაიხდიან ბუნებრივი გაზის იმავე ტარიფს, რასაც აქამდე იხდიდნენ.
"დღეს, ბუნებრივი გაზის კომუნალურ კომპანიებს დავუდგინეთ ტარიფები მომდევნო რეგულირების პერიოდისთვის. ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე შევძელით, რომ არ გაზრდილიყო ტარიფები. ტარიფების შენარჩუნება განაპირობა სახელმწიფოს თანამონაწილეობამ სოციალური გაზის დაფინანსების ნაწილში, ასევე გავლენა იქონია ლარის კურსის სტაბილურობამ. ახალ ტარიფებში გათვალისწინებულია საინვესტიციო კომპონენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და განვითარება გაგრძელდება, მოსახლეობას ბუნებრივი გაზის მიწოდების კუთხით პრობლემა არც მომდევნო წლებში შეექმნება", - აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, საქართველოს გაზის მოხმარების 99% კმაყოფილდება აზერბაიჯანიდან მიღებული გაზით, რომლის მოწოდებაც გამყარებულია გრძელვადიანი ხელშეკრულებით.
ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3-წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე - 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ლ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.
დღევანდელ სხდომაზე კომისიამ ასევე იმსჯელა 2023-2027 წლებისთვის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტარიფზე. გაზის ტრანსპორტირების ტარიფი მოქმედი 1,895 თეთრი/მ3-ის ნაცვლად, მომდევნო წლებისთვის ტარიფი 1,583 თეთრი/მ3-ით განისაზღვრა.