
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში IT ჰაბის შექმნა განიხილება და ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ქუთაისის პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდაა, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ებრაულ კომპანიას ვემუშავებით, რომელიც სურვილს გამოთქვამს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბი შეიქმნას და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს ახალგაზრდებს. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება იყოს სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში",- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა 2020 წლის იანვარში შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა და პრემიერმინისტრი აცხადებდა, რომ ობიექტის საპრივატიზებოდ მომზადებაზე ეკონომიკის სამინისტროს მუშაობა დაწყებული ჰქონდა.