LIVE

Revolut-ი საქართველოში აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას გამოუშვებს

09 დეკ 202218:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
Revolut-ი საქართველოში აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას გამოუშვებს

გლობალური ფინანსური აპლიკაცია Revolut-ი, რომელსაც მთელ მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მომავალ წელს, საქართველოში აპლიკაციის გამარტივებულ ვერსიას გამოუშვებს.

გამარტივებული აპლიკაცია გათვლილი იქნება როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ისე ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებზე.  

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო ფინტეკ კომპანია Revolut-ის წარმომადგენელმა ანდრიუს ბიჩეიკამ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რომელიც ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, მათ შორის, საფინანსო ინოვაციური პროდუქტების შექმნას ითვალისწინებს.

დავითაშვილის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება საქართველოში ინოვაციური ბიზნესების შემოსვლას და მათ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას, აგრეთვე ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მარტივად, ნაკლები დანახარჯებით და უსაფრთხოდ, სხვადასხვა საფინანსო ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.