LIVE

ევროპის 2022 წლის საუკეთესო საშობაო ბაზრობები

11 დეკ 202218:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1200
ევროპის 2022 წლის საუკეთესო საშობაო ბაზრობები

ევროპის ქალაქებში საშობაო მარკეტების უმრავლესობა სტუმრებს და ქალაქის მოსახლეობას ერთსა და იმავეს სთავაზობს: მოციმციმე განათებებითა და გლინტვაინის სურნელით გაჟღენთილი ხის დახლები ქალაქებს საზეიმო ელფერს სძენს. 

ბევრი მსგავსების მიუხედავად, ზოგიერთი ქალაქი დღესასწაულის მოყვარულებს განსაკუთრებულად იზიდავს. Euronews-მა გამოყო რამდენიმე ევროპული ქალაქი, რომელიც საუკეთესო საშობაო ბაზრობებს მასპინძლობს. 

ავსტრიის თოვლიანი ქალაქის, ზალცბურგის შუაგულში საშობაოდ ყოველ წელს ყველა კუთხე-კუნჭულში უძველეს ტრადიციას აცოცხლებენ. ბაზრობებზე უამრავ ადგილობრივ ნივთს: ხელნაკეთ აქსესუარებს, ნაქსოვ ნაწარმს და რა თქმა უნდა, ჯანჯაფილის ორცხობილებსა და შნაფსს შეიძენთ.

სამშაბათობით მსურველებს შეუძლიათ მომღერალთა გუნდსაც შეუერთდნენ.

ბუდაპეშტში ბაზრობა წმ. სტეფანის მონუმენტური ნეოკლასიკური ტაძრის წინ არის მოწყობილი. ყოველი შებინდებისას, რელიგიური და საშობაო ისტორიები პროექტორით პირდაპირ ბაზილიკის ფასადზე ვითარდება, საახალწლო ნაძვის ხესთან კი საციგურაო მოედანია მოწყობილი.

სხვა ქალაქების მსგავსად, ბუდაპეშტიც სავსეა ხელნაკეთი ნივთებითა და ადგილობრივი, შინ მომზადებული ტკბილეულით.

ყველაზე კლასიკური სტილის საშობაო ბაზრობა ალბათ ფინეთის დედაქალაქშია. ჰელსინკში მრავლად იყიდება გეომეტრიული ორნამენტებით გაფორმებული ხელნაკეთი პროდუქცია. ამ სიმბოლოთი ნახავთ ყველაფერს: ხის სათამაშოებს, მოქსოვილ წინდებს თუ თანამედროვე სამკაულს.

მე-14 საუკუნის ღვთისმშობლის კათედრალისა და ფერადი ბაროკოს შენობების ფონზე, მომაჯადოებელია პრაღის ბაზრობებიც, სადაც ნამდვილი ზეიმია საფესტივალო დღეებში ჭამა-სმის მოყვარულებისთვის: გრილზე შემწვარი სოსისები, ყველიანი და ნივრიანი ტოსტები და ახალგამომცხვარი კრეპები სტუმრების განსაკუთრებულ მოწონებას იწვევს. 

წლის ბოლოს შესანიშნავად გამოიყურება ედინბურგიც, რომლის ცენტრი საფესტივალო დღეებში ნამდვილ ზღაპრად გადაიქცევა ხოლმე და სადაც საციგურაო მოედნები, ჯადოსნური მარხილები, სანტას კუთხე და ელფების ვოქრშოფები ეწყობა. 

შოტლანდიის დედაქალაქში დეკემბრის ბოლოს, სტუმრებს მარადიული ჩირაღდნისა და თვალწარმტაცი კოცონის პროცესია ელით.