LIVE

საქართველოში ქალები საოჯახო საქმეებსა და ბავშვებს 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები

09 დეკ 202211:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 514
საქართველოში ქალები საოჯახო საქმეებსა და ბავშვებს 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები

საქართველოში ქალები კაცებთან შედარებით, აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეებზე 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ.

ამის შესახებ საუბარია დროის გამოყენების კვლევაში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020-2021 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩაატარა. 

აღმოჩნდა, რომ აქტივობებზე დახარჯული დროის მიხედვით, ყველაზე დიდი განსხვავება ქალებსა და კაცებს  შორის აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურების შემთხვევაში შეინიშნება. დასაქმებისა და მასთან დაკავშირებული  აქტივობების შემთხვევაში კი სურათი საპირისპიროა - კაცების მიერ დახარჯული საშუალო დრო 1.9-ჯერ აღემატება ქალების ამავე მაჩვენებელს.

საქართველოში ქალები ასევე უფრო მეტ დროს ხარჯავენ შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის აუნაზღაურებელ მომსახურებაზე.

საქართველოს მოსახლეობა შინამეურნეობისა და ოჯახის წევრებისთვის გაწეულ აუნაზღაურებელ ზრუნვის მომსახურებას დღეში საშუალოდ 0.6 საათს უთმობს. ამ აქტივობებზე ქალები დღეში საშუალოდ 0.9 საათს ხარჯავენ, რაც 4.5-ჯერ აღემატება კაცების მიერ დღეში დახარჯულ საშუალო დროს (0.2 საათი).

ეს სხვაობა კიდევ უფრო დიდია სოფლებში. კვლევის მიხედვით, ამ აქტივობებზე ქალების მიერ დახარჯული დრო, კაცების მიერ დახარჯულ დროს, თბილისსა და სხვა ქალაქებში 4.1-ჯერ აღემატება, ხოლო სოფლებში - 5.2-ჯერ.

ქალებსა და კაცებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება, აუნაზღაურებელი ზრუნვის მომსახურებაზე დახარჯული დროის მიხედვით, 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფშია. ეს განსხვავება შედარებით ნაკლებია 45 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

ბავშვზე ზრუნვასთან დაკავშირებულ აქტივობებში ჩართულია საქართველოში მცხოვრები დედების 80.2%, რაც 2.1-ჯერ აღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს (37.6%).

დასახლების ტიპის მიხედვით, თბილისში მცხოვრები მამების მონაწილეობის დონე ყველაზე მაღალია და 43.1%-ს შეადგენს, სხვა ქალაქებში - 36.1-%, ხოლო სოფლებში - 34.4%-ს.

დედები ბავშვზე ზრუნვაზე კვირაში საშუალოდ 20.4 საათს ხარჯავენ, რაც 5.2-ჯერ აღემატება მამების ანალოგიურ მაჩვენებელს (3.9 საათი კვირაში).