LIVE

რა აიაფებს ნავთობს - მიზეზები

11 დეკ 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
რა აიაფებს ნავთობს - მიზეზები

მიმდინარე წელს ნედლი ნავთობის ფიუჩერსები დიდწილად გაიზარდა, რადგან პანდემიის შემდგომ, ტრანსპორტირებაზე მოთხოვნა აღდგა. ამავე დროს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობის მწარმოებელი ქვეყნებისა და მათი მოკავშირეების (OPEC+) მიერ წარმოების შემცირების ფონზე, მიწოდება შემცირდა.  

ბრენტის ნავთობის ფიუჩერსებმა მარტში, ომის დაწყების შემდეგ, ბარელზე $139-ს გადააჭარბა, შემდეგ კი ქარხნების მხრიდან მოთხოვნის გაზრდის გამო, ფასმა კიდევ უფრო მოიმატა. 

წლის ბოლოს როგორც აშშ-ის, ასევე, ბრენტის ტიპის ნავთობის ფიუჩერსების ფასი დაეცა. Reuters-მა ნავთობის ფასის კლების ყველა მიზეზი გაანალიზა

საწვავზე შემცირებული მოთხოვნა

ჩინეთი მსოფლიოში ნედლი ნავთობის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყანაა. ამავე დროს, ნავთობის მოხმარებით, აშშ-ის შემდეგ, ის მე-2 ადგილზეა.  

2022 წელს ჩინეთის მთავრობის მკაცრმა კოვიდრეგულაციებმა მკვეთრად შეანელა ეკონომიკური აქტივობა. ამის გამო, ქვეყანაში ნავთობზე მოთხოვნა 30%-დან 40%-მდე შემცირდა.  

საწვავზე მოთხოვნა შემცირდა ევროპაშიც, სადაც ზამთრის სეზონი თბილი ამინდით დაიწყო. 

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა

მთელ მსოფლიოში მზარდ ინფლაციასთან საბრძოლველად, ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთის ზრდის სერიას მიმართავენ. გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ გაზარდა აშშ დოლარის ღირებულება. დოლარის გამყარებამ სხვა ვალუტის მფლობელებისთვის ნავთობი გააძვირა, რის გამოც, ის მყიდველებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. 

მიწოდებასთან დაკავშირებული შიში გადაჭარბებული აღმოჩნდა

OPEC+-მა, რომელიც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) და მის მოკავშირეებს, მათ შორის რუსეთს მოიცავს, ოქტომბერში ნავთობის მოპოვების 2 მილიონი ბარელით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების კრიტიკა გამოიწვია. 

ჯგუფის განმარტებით, ამ ნაბიჯით სურს გლობალური ეკონომიკის ბუნდოვანი პროგნოზის ფონზე, ნავთობის ფასი დააბალანსოს, თუმცა რეალურად ამან ნავთობის ფასზე გავლენა არ იქონია, რადგან მწარმოებელი ჯგუფი წარმოებას ნელ-ნელა ამცირებდა.  

ამავდროულად, აშშ-ის მიერ ნავთობის შიდა წარმოება გაიზარდა და ახლახან დღიურ 12,2 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც 2020 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთზე დაწესებული სანქციების ფონზე, გაჩნდა მოლოდინი, რომ მის ნაკადებს საფრთხე დაემუქრებოდა, მაგრამ რუსეთში წარმოების შემცირების მიუხედავად, წარმოება მოსალოდნელზე მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა. 

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნავთობის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ევროკავშირის, „დიდი შვიდეულისა“ და ავსტრალიის მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვრის დადგენას, რამდენადაც რუსული ნავთობი უკვე ფასდაკლებით იყიდება.

ინვესტორების დაკარგული ინტერესი

ჰეჯ-ფონდებმა და ინვესტორებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ნედლი ნავთობის კონტრაქტებში თანხის ჩადება დაიწყეს, მაგრამ ბაზრების დატოვების გადაწყვეტილება სწრაფადვე მიიღეს, რამაც ხელი ნავთობზე მოთხოვნის შესუსტებას შეუწყო.  

აშშ-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ნედლი ნავთობის კონტრაქტებში ჰეჯ-ფონდების პოზიცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 

ამ დროისთვის ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე $76-ს, ხოლო WTI-ის ფასი $71-ს შეადგენს.