LIVE

Puffy - ფერადი პუფების ბიზნესად ქცეული გატაცება

12 ნოე 202218:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
Puffy - ფერადი პუფების ბიზნესად ქცეული გატაცება

Puffy-ს ისტორია ერთი ბინის რემონტით დაიწყო, როცა ინგა მიროიანმა პირველად გადაწყვიტა, მოექსოვა ლამაზი შაბიამნისფერი პუფი. შემდეგ სხვა ფერებიც მოქსოვა და პუფებს ნელ-ნელა არაერთი მსურველი გამოუჩნდა. ახლა დამწყები მეწარმე ჰობის ბიზნესად გარდაქმნის გზაზეა, რაშიც მას საქართველოს ბანკის და UNDP-ის პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მიღებული ცოდნაც ეხმარება.

როგორ დაიბადა პუფების შექმნის იდეა?

ორი წლის წინ გავარემონტე პატარა ბინა ავლაბარში, ტურისტულ ზონაში და ძალიან შეუმჩნევლად შემოვიდა ეს პუფი ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ვაკვირდებოდი ყველა დეტალს რასაც ვაკეთებდი ამ ბინაში და მინდოდა ყველაფერი განსაკუთრებული ყოფილიყო, მათ შორის პუფიც. ყოველთვის მომწონდა ამ ტიპის ნაქსოვი დეკორატიული პუფები, როცა ვნახულობდი ჟურნალებში და მოვქსოვე დიდი, ულამაზესი, შაბიამნისფერი პუფი. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემს მეგობრებში, მთხოვეს სხვა ფერებიც გამეკეთებინა. მერე აღმოვაჩინე, რომ ბაზარზე ასეთი ტიპის პროდუქტი არ არის, მხოლოდ რამდენიმე კომპანიას შემოაქვს შეზღუდული ზომების და ფერების არჩევანით. ამან კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა, რომ დამეწყო პუფების გაკეთება. თან მასალის ბაზარი ისეთი ჭრელია, ისეთი ლამაზი ფერები იყიდება, რომ ყველა ფერის პუფის გაკეთება მინდოდა. ვენდე ჩემს გემოვნებას, გავაკეთე რამდენიმე პუფი, განვათავსე ფეისბუქ გვერდზე და ასე დავიწყე. თავიდან მეგონა, საკმარისი იქნებოდა მომხმარებლისთვის მეთქვა, რომ ნებისმიერი ზომის და ფერის პუფს დავამზადებდი შეკვეთით. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს სჭირდებოდა ენახა ვიზუალურად და ასე აერჩია, ამიტომ მერე კიდევ უფრო მეტი გავაკეთე და ასე გაგრძელდა. 

რამე დამატებითი უნარების შეძენა დაგჭირდათ იმისთვის, რომ ეს პუფები შეგექმნათ?

ქსოვის საწყისი უნარები მქონდა. ისეთ დროს გავიზარდე, როცა მშობლები ყველაფერს გვასწავლიდნენ. ინტერნეტშიც მოვიძიე ინფორმაცია, თუ ძირითადად რა მასალით კეთდება პუფები. მერე მოვიძიე მასალა, შევარჩიე ფერები, რაც მომწონდა და ასე დავამზადე. მოგვიანებით ახალი ორნამენტებიც შევიტანე ნაქსოვში და ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი დედამთილი, რომელიც პროფესიონალია ამ სფეროში.

რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

ჩემთვის პუფის მოქსოვა ძალიან მარტივია, რადგან ძალიან მიყვარს ეს პროცესი, მამშვიდებს და ერთი სული მაქვს, რომ დავიწყო. მომხმარებელთან ურთიერთობაც ძალიან სასიამოვნოა, თუმცა სხვადასხვანაირი მომხმარებლები მყავს. არიან ისეთები, რომლებმაც ზუსტად იციან რა სჭირდებათ, არიან ისეთებიც - ვინც მიგზავნის ინტერიერის სურათებს და მერე ერთად ვარჩევთ ფერს, ზომას და ა.შ. გულწრფელი რომ ვიყო, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაშინ არის, პროცესი როცა სრულდება, ვაგზავნი გამზადებულ პროდუქტს და ველოდები უკუკავშირს. ტაქსის აპლიკაციას ვიყენებ და თვალს არ ვაშორებ ხოლმე - დასრულდა მარშრუტი, მიიტანა, მომხმარებელმა გამოართვა, ახლა ალბათ სახლში ააქვს და ამ დროს უკვე ერთი სული მაქვს, მოიწეროს. ეს არის დიდი ადრენალინი. რომ მკითხოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, შემოსავალი თუ აი, ეს შეგრძნება - პასუხს ალბათ ვერ გაგცემთ.

და რას გწერენ ხოლმე?

ძირითადად მწერენ, რომ მოლოდინს გადააჭარბა. სწორი მოლოდინების შექმნაც ძალიან მნიშვნელოვანია, დისტანციურად ნაყიდ პროდუქტს ყოველთვის აქვს რისკი, რომ მოლოდინი არ გამართლდეს. ამიტომ თავიდანვე ვმუშაობ, რომ სწორი მოლოდინი ჰქონდეს მომხმარებელს, დეტალურად ვუხსნი მახასიათებლებს და მგონი ეს მიდგომა ამართლებს.

როგორ ფიქრობთ, რა განვითარების პოტენციალი აქვს ამ საქმიანობას?

ვფიქრობ, შეიძლება ამ საქმიანობის ბიზნესად ქცევა. ისედაც, უფრო ბიზნესია, ვიდრე ჰობი, რადგან შემოსავალი მოაქვს და უფრო განვითარებაც, რა თქმა უნდა, შეიძლება. მიფიქრია სამომავლოდ შოურუმის მოწყობაზე. ასევე მიფიქრია, ხომ არ გავყიდო საზღვარგარეთ სხვადასხვა პლატფორმაზე, მაგალითად Etsy-ზე, ოღონდ ცოტა სხვა ფორმით. იქიდან გამომდინარე, რომ მოცულობითი პროდუქტია და გადაზიდვა თვითღირებულებას გაზრდის, ვფიქრობ, შეიძლება ნაქსოვი და ტომარა გაიგზავნოს და მომხმარებელმა ასწაყობი ფორმით მიიღოს. 

სხვა ტიპის პროდუქციის დამატებას თუ გეგმავთ?

ერთი პროდუქტი დავამატე - ბინ პუფი, რომელიც დასაჯდომი პუფია, ელვა შესაკრავი აქვს ტომარასაც და გარე ნაქსოვსაც. მრგვალი პუფები უფრო ავეჯის აქსესუარია, დეკორის ფუნქცია აქვს, რადგან მისი ზედაპირი არ იხსნება და დაპრესვის შემთხვევაში, მომხმარებელი პირვანდელ სახეს ვეღარ დაუბრუნებს, მე თუ არ მომმართა. სულ ვუხსნი ხოლმე, რომ ეს არ არის სკამი, ვერ გამოიყენებთ დასაჯდომად, უფრო დეკორია - პროდუქტი, რომელიც ერთდროულად ინტერიერის გაუმჯობესებასაც ემსახურება და ფუნქციურიც არის, ეს შერწყმა მგონი ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს. მე თავად ხშირად ვიყენებ სადგამის ფუნქციით, ასევე სავარძელთან ფეხების შემოსალაგებლად, საძინებელში, ბავშვების ოთახში ტანსაცმლის დასალაგებლად. 

რამდენად ბევრი შეკვეთა გაქვთ?

ბევრს ვერ დავარქმევ, მაგრამ საკმაოდ არის. ბევრი შეკვეთა მეტ რესურსსაც მოითხოვს. როცა წარმოების მასშტაბი და შეკვეთების რაოდენობა გაიზრდება, დამხმარის აყვანა იქნება საჭირო. ჩვეულებრივ დღეებში, როცა ძალიან დატვირთული არ ვარ საქმეებით, პუფის დამზადებას 3 დღეს ვანდომებ, როცა დატვირთული ვარ შეიძლება 10 დღეც დამჭირდეს. ისეთი შემთხვევაც მქონია, როცა ერთ დღეში მოვქსოვე, რადგან დამკვეთს ეჩქარებოდა, მეგობრისთვის უნდოდა საჩუქრად.  

როგორია თქვენი სამომავლო გეგმა და მიზნები?

ჯერჯერობით მივყვები დინებას, მომწონს ურთიერთობა მომხმარებელთან,მ რადგან ძალიან კარგი შეგრძნებაა იმის ხილვა, თუ როგორ ბედნიერებას ანიჭებს შენი ხელით გაკეთებული ნივთი ადამიანებს.  ძირითადი სამსახური სხვა მაქვს და ეს უფრო მოტივაციის ასამაღლებელი საქმიანობაა. სამომავლოდ... არ ვიცი, დრო გვიჩვენებს, რადგან მაინც ყველაფერი ფინანსებთან და მეტ თავისუფალ დროსთან არის დაკავშირებული. სასურველი იქნებოდა შოურუმი მქონოდა და მყოლოდა რამოდენიმე მქსოველი. ისინი მოქსოვდნენ და მე ავაწყობდი, რადგან ამ პუფის აწყობის პრინციპი მაინც განსხვავებულია. 

რამდენად დაგეხმარებათ UNDP-ის და საქართველოს ბანკის პროგრამა სამომავლო მიზნების უკეთ დასახვაში?

ძალიან მადლიერი ვარ ამ პროგრამის, რადგან ეს არ არის პროექტი პროექტისთვის. ეს პროგრამა მართლა მეწარმე ქალების განვითარებაზეა გათვლილი. ტრენინგები, რაც გავიარეთ იყო ძალიან მნიშნველოვანი, ბევრი ინფორმაცია მივიღე, თუ როგორ დამენახა სწორად ჩემი სამომავლო გზა და ძალიან დამეხმარა საჭირო უნარების განვითარებაში, თუნდაც ციფრული მარკეტინგის კუთხით. მადლობელი ვარ იმიტომაც, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქალი მეწარმე გავიცანი.