LIVE

"თბილო" - მუსლინი დედებისთვის და ბავშვებისთვის

22 ოქტ 202219:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 650
"თბილო" - მუსლინი დედებისთვის და ბავშვებისთვის

რუსუდან ტეფნაძემ მუსლინი პირველად საკუთარი შვილისთვის განსხვავებული პროდუქტის ძიებისას აღმოაჩინა. მოგვიანებით ეს მასალა და მისგან დამზადებული პროდუქცია ისე შეიყვარა, რომ გადაწყვიტა სხვა მშობლებისთვისაც გაეზიარებინა. ასე შეიქმნა "თბილო", რომელიც დღეს ფერად მრავალფუნქციურ მუსლინებს და აქსესუარებს ქმნის ბავშვებისთვის. დამწყებ მეწარმეს სამომავლო გეგმების დასახვა "საქართველოს ბანკისა" და UNDP-ის ქალ მეწარმეთა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნის შემდეგ უფრო გაუადვილდა.

როგორ გაჩნდა თქვენი პროდუქტი?

როდესაც დედა გავხდი, რაღაც განსხვავებული და ახალი მინდოდა ჩემი შვილისთვის. ინტერნეტით აღმოვაჩინე მუსლინის ქსოვილი. მოვიძიე ინფორმაცია, გავეცანი რამდენად განსხვავდებოდა მუსლინის ქსოვის ტექნოლოგია და ხარისხი. შემდეგ გამოვიწერე ჩემი შვილისთვის და რადგან ძალიან მომეწონა, მისი კომფორტულობის და მრავალფეროვნების გამო, გადავწვიტე ქსოვილები გამომეწერა და ეს გამორჩეული პროდუქტი გამეზიარებინა სხვა ახალბედა დედებისთვისაც. ჩემი შვილი იყო ინსპირაცია, რეალურად, საიდანაც დავიწყე საქმიანობა. ასე შეიქმნა "თბილო".

რა არის მუსლინი, რა უპირატესობები აქვს მას?

მუსლინის ქსოვილის უპირატესობა მდგომარეობს მის მრავალფუნქციურობაში - გამოიყენება გასამშრალებლად, ზეწრად, გასახვევად, შეიძლება შეიქმნას განსხვავებული გამოყენების პროდუქტები - სამოსი, წინსაფრები, აქსესუარები, ყელსახვევები. არ საჭიროებს დაუთოებას, რაც დედებს უმარტივებს დროის მენეჯმენტს. მისი ქსოვა იმდენად რბილი და სასიამოვნოა, რომ ახალშობილისთვის ყოველდღიურ გამოყენებაში ძალიან კომფორტულია, თან  ანტიალერგიულია და სუნთქავს.

როგორ აქციეთ თქვენი შვილისთვის შეკერილი მუსლინის იდეა ბრენდად?

იმ დროს, ეს პროდუქტი საქართველოს ბაზარზე არ იყო და ფაქტობრივად, არც არავინ იცოდა მის შესახებ. აქედან გამიჩნდა იდეა, რომ შემექმნა ამ ქსოვილის ნაწარმი. შევქმენი ბიზნეს გვერდი, სადაც დღემდე ვხსნი თუ რა დანიშნულებით გამოიყენება ეს პროდუქტი, რამდენად სასარგებლოა ბავშვის ყოველდღიურ მოვლაში. მე თვითონ, გარდა იმისა, რომ ბავშვისთვის ვიყენებ ყოველდღიურად, პირად სახის რუტინაშიც აქტიურად ვიყენებ და აქსესუარადაც - შარფად, რადგან არის ძალიან კომფორტული და ანტიალერგიული ქსოვილი. წყლის პროცედურებისთვის - აუზზე, ზღვაზე - შესამშრალებლად არის იდეალური საშუალება და ვინც უკვე გაიცნო, მათ ფაქტობრივად უკვე პირსახოცი ჩაანაცვლეს მუსლინით. ეს ქსოვილი ტექნოლოგიური დამუშავებით იმდენად განსხვავებულია, რომ სისველეს ძალიან სწრაფად ისრუტავს და ამავდროულად, ძალიან ადვილად და მალე შრება. 

ძირითადად რას ქმნით ამ ქსოვილისგან?

ვცდილობ შევქმნა პროდუქტები სხვადასხვა დიზაინით და ნახატებით იმისთვის, რომ გავანებივრო მომხმარებელი სიახლეებით. შევისწავლე მონტესორის მეთოდი და აქტიურად ჩავრთე ეს მიდგომა ჩემს წარმოებაში. დასაწყისში, ჩვილი მხოლოდ რამდენიმე ფერს აღიქვამს, შესაბამისად ამ ფერებს აქტიურად ვიყენებ დიზაინში - შედეგად მაქვს მოდელები, რომლებიც უშუალოდ ახალშობილისთვის არის განკუთვნილი. შემდეგ მოდის პასტელური ფერები, ნახატები სხვადასხვა თემატიკის და დატვირთვის - ცხოველები იქნება ეს, ხილი, თუ მანქანის დასახელებები. შესაბამისად, შესაძლებელია მათი შემეცნებითი მიზნით გამოყენებაც, თამაშ-თამაშით სწავლება როცა ხდება ბაშვის შემშრალება თუ გახვევა. ჩემი უმცროსი შვილი ახლა 5 წლისაა, უფროსი - 9 წლის, თუმცა ორივესთან ძალიან აქტიურად ვიყენებ მუსლინებს თეთრეულადაც და შესამშრალებლადაც. 

რომელია თქვენი შვილის საყვარელი მუსლინი?

ჩემს პატარას ყველაზე მეტად მანქანების და დინოზავრების ნახატებიანი მუსლინები მოსწონს. 

რამდენად კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგით და სამომავლოდ როგორ გეგმავთ განვითარებას?

თავიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ მომხმარებამდე მიმეტანა ინფორმაცია მუსლინის შესახებ. ახლა ჩემი მომხმარებელი ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელია, რომ განვითარება გავაგრძელო. მათი უკუკავშირი და დადებითი რეაქცია სტიმულს მაძლევს, უფრო მეტი გავაკეთო. მუსლინი ვინც გაიცნო, ყველას ძალიან შეუყვარდა და ამიტომ, მინდა ონლაინი გაყიდვების პარალელურად, ფიზიკური მაღაზიაც მქონდეს, სადაც მომხმარებელს ადგილზე ექნება საშუალება ხელის შეხებით მიხვდეს, თუ რა სხვაობაა ბამბასა და ბამბუკნარევ ქსოვილს შორის. გარდა ამისა, მინდა პროდუქტის ასორტიმენტით გავაფართოვო და სამოსის წარმოებაც დავიწყო, რადგან მოთხოვნა არის. მომხმარებელსაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს მუსლინის სამოსი და მეც მინდა ამ მიმართულებით განვითარება. რა თქმა უნდა, ამისთვის მარტო ჩემი ძალები საკმარისი არ იქნება და საჭირო გახდება კადრების დამატება იმისთვის, რომ მეტი პროდუქცია შეიკეროს, მათ შორის სამოსიც. 

რამდენად მზად ხართ ამ გამოწვევისთვის, რამდენად გამოგადგებათ მეწარმე ქალთა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა?

ეს შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს ბანკმა და UNDP-მა მოგვცეს, ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. გავიზარდეთ, მეტი ვისწავლეთ, გავაანალიზეთ რა გამოწვევები გვაქვს მიკრო და მცირე მეწარმეებს. ვფიქრობ, ამ პროექტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარება სამომავლოდ თამამი ნაბიჯების გადადგმაში და იმ რისკების მიღებაში, რასაც განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლა, ანუ სამკერვალოს გახსნა და სამოსის წარმოების დაწყება გულისხმობს. ჩემი მიზანი და სურვილია, მუსლინი რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს შეუყვარდეს ისე, როგორც მე მიყვარს.