LIVE

მაიკლ ბლუმბერგი - რამდენად ეფექტურია ფილანტროპის მიერ გატარებული ჯანდაცვის ინიციატივები?

05 დეკ 202211:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
მაიკლ ბლუმბერგი - რამდენად ეფექტურია ფილანტროპის მიერ გატარებული ჯანდაცვის ინიციატივები?

ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური გამოცემა Politico ამერიკელი ფილანთროპის, მაიკლ ბლუმბერგის და მისი ჯანდაცვის ინიციატივების ეფექტიანობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 

როგორც გამოცემა იუწყება, მაიკლ ბლუმბერგი ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული კოლოსალური ინვესტიციებით გამოირჩევა, რომელიც მიმართულია ადამიანების მავნე ჩვევებითა და ქმედებებით გამოწვეული როგორც ონკოლოგიური და გულის დაავადებების, ასევე, ჭარბწონიანობის აღმოფხვრისკენ. რომლებიც მსოფლიოში სიკვდილიანობის 70%-ის გამომწვევ მიზეზად სახელდება. 

საინტერესოა, რამდენად ეფექტურია ბლუმბერგის ინიციატივები ამ პრობლემებთან ბრძოლის პროცესში?

მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანების დამოკიდებულებისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება რთული ამოცანაა. ეს კარგად ესმის თავად ფილანთროპსაც. როგორც Politico გვახსენებს, მაიკლ ბლუმბერგმა ჯერ კიდევ ნიუ-იორკის მერობის დროს დაიწყო ისეთი ინოვაციური ინიციატივების გატარება, რომლებიც ადამიანებს უფრო ჯანსაღი არჩევანის გაკეთებისკენ უბიძგებდა. ასეთ ინიციატივებს მიეკუთვნებოდა კვამლისგან თავისუფალი სივრცეების შექმნა და უჯერი ცხიმის მოხმარების აკრძალვა. 

როგორც ჩანს, ადგილობრივ დონეზე ბლუმბერგის მესიჯების საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას მისი რეპუტაცია უწყობს ხელს, საერთაშორისო დონეზე კი - ინვესტიციები. ალბათ, არაერთ სტატიასა თუ მტკიცებულებას შეხვდებით, რომელიც ბლუმბერგისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მჭიდრო კავშირებს ააშკარავებს. უფრო მეტიც, ფილანთროპი ხომ ჯანმოს არაგადამდები დაავადებებისა და დაზიანებების გლობალური ელჩის სტატუსით სარგებლობს. 

„შენ ვერ გააკონტროლებ იმას, რისი გაზომვაც არ შეგიძლია“, - ეს 2020 წელს ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტია, რომელშიც ის მოქალაქეებს ჯანდაცვის მონაცემების შესახებ ახალ ინიციატივას აცნობდა. 

თუმცა, ექსპერტების განცხადებით, ჯანდაცვის ინიციატივების ეფექტიანობის განსაზღვრა მხოლოდ რიცხვებით შეუძლებელია. ვირუსების შემთხვევაში, კლინიკური კვლევებით შესაძლებელია დავადგინოთ, რამდენად ეფექტურია ვაქცინა. ჭარბწონიანობის შემთხვევაში, ეს პრობლემა მრავალი სოციალური, ეკონომიკური და ბიოლოგიური ფაქტორით არის განპირობებული, მისი გადაჭრა კი მხოლოდ შაქრის შემცველ გაზიან სასმელებზე მაღალი გადასახადების დაწესებით შეუძლებელია.

ექსპერტები ასევე აქტიურად აკრიტიკებენ ბლუმბერგის გადაწყვეტილებებს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებითაც. 

როგორც Politico-ს გამოცემაში ვკითხულობთ, თამბაქოს მოხმარების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბლუმბერგის ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ამერიკელი მწეველების ელექტრონული სიგარეტებისგან დაცვას, წინ უსწრებს მეცნიერებას და არ ითვალისწინებს იმ მილიონობით ზრდასრული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას. 

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020-2021 წლებში ბლუმბერგმა 23.1 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა ჯანმო, Forbes-ის თანახმად, ფილანთროპმა 100 მილიონი აშშ დოლარის დონაცია გაიღო სამი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებიც მუშაობენ თამბაქოს კონტროლის, ჭარბწონიანობის აღმოფხვრისა და ოპიოდურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებების მიმართულებით. 2019 წელს კი ფილანთროპმა ათობით მილიონი დოლარის გადარიცხვა განახორციელა ავსტრალიის, მექსიკისა და აშშ-ს იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც არაგადამდები დაავადებების კვლევებზე მუშაობენ. 

ბლუმბერგის პოლიტიკას „ძიძა-სახელმწიფოს ფსევდო-ლიბერალიზმის (nanny-state illiberalism)“ სახელით მოიხსენებენ და ხშირად მისი ინიციატივების რეგრესულ ხასიათს უსვამენ ხაზს. 

მაგალითად, ბლუმბერგის მერად დანიშვნის პერიოდში, მისი ინიციატივით, შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების ღირებულება 10 ცენტით გაიზარდა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი ყოველწლიურად დიაბეტით გამოწვეული 11 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია იყო. ასევე, შეზღუდვა დაწესდა სწრაფი კვების ობიექტებისთვის რეკლამების განთავსების შეზღუდვა, კალორიული პროდუქტების შესახებ გამაფრთხილებელი სტიკერების გამოყენება, ხილისა და ბოსტნეულის სუბსიდირება. ჯანმოსა და ბლუმბერგის განცხადებით, ეს არის ბიუჯეტური და რაც მთავარია ეფექტური ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების მიერ ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებას. 

მექსიკაში მთავრობამ 2013 წელს შაქრიან სასმელებზე დააწესა გადასახადი, რომლის ოდენობაც ერთ ლიტრზე ერთი პესოთი განისაზღვრებოდა, ხოლო შემოსული თანხით კი სკოლებში წყლის სასმელი ფანტანების დაყენების პირობა გასცა. შედეგად, კვლევებმა აჩვენა, რომ გაზიანი სასმელების გაყიდვებმა შემცირება დაიწყო. მსგავს პოლიტიკას ატარებენ დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, ლატვია, პორტუგალია და უნგრეთი. 

თუმცა, კითხვა „ამცირებს თუ არა გაზიანი სასმელების გაყიდვების შემცირება ჭარბწონიანობას?“ პასუხგაუცემელი რჩება.

„ალბათ, აღნიშნული ინიციატივის შედეგები თავდაპირველად ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის შემცირებაში იქნება გამოხატული, რის დადგენასაც წლები დასჭირდება“, - აღნიშნავს კელი ჰენინგი, Bloomberg Philanthropies-ის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხელმძღვანელი. 

თუმცა, როგორც თავად ამბობს, მოსახლეობაში ჭარბწონიანობის პრობლემის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, საჭირო იქნება ყოვლისმომცველი პოლიტიკური ინიციატივების პაკეტის გატარება, რაც ართულებს რომელიმე ერთი კონკრეტული ელემენტის ზეგავლენის განსაზღვრას. 

როგორც კვლევები აჩვენებს, ფილადელფიაში შაქრიან სასმელზე გადასახადების დაწესების შედეგად შემცირდა პროდუქტის მოხმარება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში. თუმცა, ამ ინიციატივის იმპლემენტაციის შედეგად, განსაკუთრებულად შემცირდა სასმელის მოხმარება დაბალი შემოსავლის მქონე სოციალურ ჯგუფებში. აღნიშნული ჯგუფები კი ყველაზე მეტად მოწყვლადი არიან ჭარბწონიანობის პრობლემებისა და სიღარიბის მიმართ. 

უნდა ვაღიაროთ, რომ ბლუმბერგის მიერ გატარებული ჯანდაცვის ინიციატივების ნაწილი ეფექტური აღმოჩნდა. მაგალითად, 2003 წელს ნიუ-იორკში რესტორნებში, ბარებსა და კლუბებში მოწევის აკრძალვის შედეგად შემცირდა პასიურ მოწევასთან დაკავშირებული საფრთხეები, ასევე გაიზარდა თამბაქოზე ფასები და მისი შესყიდვის მინიმალური ასაკიც. შედეგად, New York Times-ის მონაცემებით, ბლუმბერგის მერობის პერიოდში მწეველთა რაოდენობა 22%-დან 15%-მდე შემცირდა. 

თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2006 წელს ფილანთროპმა დააფუძნა „ბლუმბერგის ინიციატივა თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის (Bloomberg Initiative to Reduce Tobacco Use)“, რომელიც აერთიანებს ჯანმოს, თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების კამპანიას, და The Union-ს (კიბოს კვლევის ორგანიზაცია) და გასცემს დიდი ოდენობით დონაციას, რათა მოხდეს ჯანმოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია. მაგალითად, თამბაქოს პროდუქტების შემთხვევაში, სიგარეტის შეფუთვებზე მოხდა გამაფრთხილებელი ინფორმაციის დატანისა და გადასახადების შესახებ მოთხოვნის ამოქმედება (განსაკუთრებით კი ისეთ მოწყვლად ქვეყნებში, როგორებიც არის ინდოეთი, უკრაინა, ჩინეთი და ფილიპინები). შედეგად, 2012 წელს პირველად ისტორიაში, თამბაქოს გაყიდვებში შემცირება შეინიშნებოდა და ეს კლება დღესაც მიმდინარეობს

კლების მიუხედავად, დღეს მსოფლიოში კვლავ 1.3 მილიარდი მწეველია, ყოველწლიურად მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების შედეგად 8 მილიონი ადამიანი იღუპება. თუმცა, ელექტრონული სიგარეტების შესახებ ჯერ კიდევ არ არსებობს საერთო აზრი. 

მართალია, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები არ არის უსაფრთხო და მათი დახმარებით, მწეველები კვლავ განაგრძობენ ნიკოტინის მოხმარებას, თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან, რომ აღნიშნული მოწყობილობები ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია. შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მწეველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა თამბაქოს ელექტრონულ სიგარეტებზე.

თუმცა, სასიამოვნო გემო და დაბალი ფასი - ის, რაც მწეველებს იზიდავთ, შესაძლებელია არასრულწლოვანთათვისაც ასეთივე მიმზიდველი აღმოჩნდეს. 

2019 წელს Bloomberg Philanthropies-ს დაფინანსებით, რომელიც 160 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, შეიქმნა კამპანია რომელიც მიზნად ისახავდა არომატული ელ. სიგარეტების და რეკლამირების აკრძალვას. აღნიშნულ ინიციატივას 76 სამედიცინო, საყოველთაო ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და მშობლების ორგანიზაცია აწერდა ხელს

საინტერესოა, რომ აღნიშნული ინიციატივა მხოლოდ ლოკალური ხასიათს არ ატარებდა. 2021 წელს ჯანმომ გამოსცა რეკომენდაცია, რომელიც არომატული ელ. სიგარეტების აკრძალვას ისახავდა მიზნად. აღნიშნული რეკომენდაციების იმპლემენტაციას საჭიროდ მიიჩნევს ევროკომისიაც. უნგრეთმა და ფინეთმა კი უკვე აკრძალეს არომატული თამბაქოს პროდუქტები (ასევე, 32-მა ქვეყანამ აკრძალა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები, მათ შორის ინდოეთმა და ბრაზილიამ. აღსანიშნავია, რომ ბლუმბერგის პარტნიორმა The Union-მა 2020 წლის მაისში მხარი დაუჭირა უკვამლო მოწყობილობების ღარიბ ქვეყნებში გაყიდვის აკრძალვას).

თუმცა, ბლუმბერგის მკაცრი მიდგომების ეფექტურობის შესახებ ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. 

2021 წლის სექტემბერში, 23-მა ამერიკელმა თამბაქოს კონტროლის ექსპერტმა კელი ჰენინგისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ბლუმბერგის ინიციატივა შესაძლოა უფრო მეტად ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე - სარგებლის. 

თავად ჰენინგიც აღნიშნავს, რომ „როგორც კვლევები გვიჩვენებს, ელ. სიგარეტები შესაძლოა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს ზრდასრულ მწეველთა მიერ მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის პროცესში“. 

თუმცა, მის ყურადღების ცენტრში მაინც ბავშვების მიერ ელ. სიგარეტების მოხმარების ინიცირება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები რჩება. მართალია, არასრულწლოვანთა შორის ელ. სიგარეტების მოხმარების ზრდა შეინიშნება, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ელ. სიგარეტის მოხმარების ზრდის პირდაპირპროპორციულად მოწევის რაოდენობის მატება არ მიმდინარეობს. 

„ჩვენთვის უდიდეს გამოწვევად თამბაქოსა და სწრაფი კვლევის ინდუსტრია რჩება, რომლებიც იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა საყოველთაო კეთილდღეობის ფასად გაზარდონ საკუთარი მოგება“, - აღნიშნავს Bloomberg Philanthropies-ის წარმომადგენელი.

მართალია, მაიკლ ბლუმბერგის მიერ გატარებული ინიციატივების ნაწილი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა, რამდენად შეძლებს ბლუმბერგი ელ. სიგარეტებთან დაპირისპირების შედეგად გადაარჩინოს მილიონობით მწეველის სიცოცხლე, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. 

პარტნიორის მიერ მომზადებული მასალა