LIVE

მონოლით ჯგუფი: ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება მოსალოდნელი აღარაა

03 დეკ 202214:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 416
მონოლით ჯგუფი: ამ ეტაპზე უძრავი ქონების გაძვირება მოსალოდნელი აღარაა

დეველოპერულ კომპანია „მონოლით ჯგუფში“ უახლოესი პერიოდის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასების შემდგომ ზრდას აღარ ელიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ფაქტორები, რაც გასულ პერიოდში საცხოვრებელ ბინებს აძვირებდა, ნელ-ნელა ამოიწურა, შესაბამისად, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ფასების დამატებით მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი აღარაა.

როგორც „მონოლით ჯგუფის“ დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ბოლო პერიოდში სამშენებლო მასალებზე დასტაბილურებული ფასები უზრუნველყოფს, რომ მომდევნო პერიოდში ბინებზე არსებული ფასები შენარჩუნდეს.

„ის სტაბილურობა, რაც წლის მეორე ნახევრიდან სამშენებლო მასალების ფასებზე ფიქსირდება, ნელ-ნელა უკვე გადაეცა უძრავი ქონების ბაზარსაც და ბინებზე ფასები მეტნაკლებად დასტაბილურდა. გასულ პერიოდში საცხოვრებელი ბინების გაძვირებას ძირითადად სწორედ გაძვირებული სამშენებლო მასალები განაპირობებდა, ასევე სხვადასხვა ფაქტორები, მაგალითად, დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა. ახლა ყველა ეს ფაქტორი უკვე ასახულია უძრავი ქონების არსებულ ფასებში და აღარ ველოდებით, რომ მომდევნო ერთ წელში უძრავი ქონების ბაზარზე ფასის მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება“, - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.

„თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, ოქტომბერში საცხოვრებელი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 28%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 7.2%-ით იყო გაზრდილი. ოქტომბერში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა $1.037 შეადგინა.