LIVE

ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვება მოუწევთ - როგორია სექტორის პოზიცია

01 დეკ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვება მოუწევთ - როგორია სექტორის პოზიცია

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ბუფერის გაზრდას გეგმავს.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებმა უფრო მეტი კაპიტალი უნდა დაარეზერვონ.

ახალი რეგულაციის მიზეზად მარეგულირებელი რეგიონში და გლობალურ ეკონომიკაში არსებულ მაღალ გაურკვევლობას ასახელებს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის დაწესება ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციაა და ბოლო პერიოდში მსგავსი ინსტრუმენტი არაერთ ქვეყანაში ამოქმედდა.

როგორც სებ-ში აღნიშნავენ, რეგიონში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, კაპიტალის ბუფერების დაგროვება ბანკებს რისკების შემცირებაში დაეხმარება და სტრესის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსების გაგრძელებას უზრუნველყოფს.

„სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერი 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შემდეგ სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენი იქნება საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი. ამ ინსტრუმენტის მთავარი მიზანია, რომ სტრესულ სიტუაციებში ბანკებს ჰქონდეთ საკმარისი კაპიტალი, რომ ამ სტრესს მარტივად გაუმკლავდნენ და ეს არ გადავიდეს მთლიან ეკონომიკაზე. სწორედ ამიტომ ბანკების კაპიტალის გაძლიერების მიზნით ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციით, მთელ მსოფლიოში ხდება ნეიტრალური ბუფერის შემოღება. ბუფერის დაწესებას დაკრედიტების ზრდის ტემპზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ბანკისგან განსხვავებით, კაპიტალის ახალი მოთხოვნების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავენ საბანკო ასოციაციაში. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, კომერციულ ბანკებს ისედაც არაერთი მოთხოვნის დაცვა უწევთ, მათ შორის ბანკებმა მომავალი წლიდან სრულად უნდა აღადგინონ პანდემიის დროს გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერები. საბანკო ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი მოთხოვნები სხვა რეგულაციებთან ერთად, დაკრედიტების ზრდის ტემპს კიდევ უფრო შეანელებს.

„დღეის მდგომარეობით, კონტრციკლური ბუფერის შემოღების აუცილებლობას ვერ ვხედავ. გარდა იმისა, რომ ეს მივიჩნიოთ კიდევ ერთ ზომად, რომელიც შეაფერხებს საბანკო სექტორის ზრდის ტემპს. მომავალი წელი ისედაც საკმაოდ რთული იქნება კაპიტალზე ზეწოლის მიმართულებით, რადგან საერთაშორისო ანგარიშგების სისტემაზე გადასვლის პროცესი იწყება და ეს შეიძლება დააწვეს კაპიტალს. ამასთან, მომავალ წელს ბანკებს დამატებითი კაპიტალის აკუმულირება ისედაც მოუწევთ. აქედან გამომდინარე, დღეს კონტრციკლური ბუფერის შემოღება არათუ სასარგებლო, არამედ ჩემი აზრით, ლოგიკასაც მოკლებულია, თუ გარკვეულ რისკებზე არ ვსაუბრობთ, რაც ამ ეტაპზე ხილვადი არაა“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის დაწესების გადაწყვეტილება 30 ნოემბერს გამართულ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე მიიღო. როგორც სებ-ში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს.

განახლებული მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე სებ-მა კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ნეიტრალური პოზიტიური კონტრციკლური ბუფერის ზომას ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის შემდეგ კომიტეტზე განსაზღვრავს, რომელიც 2023 წლის 15 მარტს გაიმართება.