საქართველოს მოსახლეობის თითქმის 76% ფიქრობს, რომ დღეს დანაზოგის გაკეთება ნაკლებად შესაძლებელია. 40%-ზე მეტი კი ვალს იღებს,- ასეთია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მომხმარებელთა განწყობის ინდექსის განახლებული მონაცემები.
კვლევის შედეგების მიხედვით, მომხმარებელთა განწყობის ინდექსი სექტემბერში არსებული -24,1 ქულიდან, ოქტომბერში -28,3 პუნქტამდე დაეცა, რაც წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა. უფრო ზუსტად, ბოლო 12 თვეში გამოკითხულთა 48%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა და მათ არ აქვთ მოლოდინი რომ მომდევნო 1 წელში ვითარება გაუმჯობესდება, რადგან 38%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა იგივე დარჩება.
მოსახლეობის თითქმის 67% კი ფიქრობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესებულია და ამ მხრივ არც მოლოდინებია ოპტიმისტური.
ტრადიციულად, განსაკუთრებით ნეგატიური განწყობა, მოქალაქეებს ფასებთან მიმართებით აქვთ. 87%-ზე მეტი ფიქრობს, რომ ბოლო 1 წელში ქვეყანაში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. უმეტესობა ელის, რომ ამ მხრივ ვითარება იგივე დარჩება მომდევნო ერთი წლის განმავლობაშიც.
როგორც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ელენე სეთურიძე "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, გაუარესებული განწყობა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10.6% შეადგინა და ზოგადად, ზაფხულის შემდეგ ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა.
"ეს ყველაფერი შემცირდა და გაუარესდა განსაკუთრებით ზაფხულთან შედარებით, როცა ქვეყანაში მაღალი იყო როგორც ექსპორტიდან, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. უკვე შემოდგომიდან კი აღნიშნული კლებას აჩვენებდა. ამასთან, ოქტომბერში გაიზარდა ინფლაცია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად შემცირდა და პანდემიის დროინდელ ნიშნულზე დაბრუნდა დანაზოგების გაკეთება, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია", - აღნიშნავს ელენე სეთურიძე.
საგრძნობლად შემცირდა იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, ვინც დანაზოგებს აკეთებს. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 3%-იც კი არაა ისეთი, ვინც მზაობას გამოთქვამს ვადიანი ანაბარი გახსნას. დაახლოებით 17%-ს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (90%-ზე მეტს) არც იმის მოლოდინი აქვს, რომ მომავალში შეძლებს დანაზოგის გაკეთებას.
კვლევის ფარგლებში, 20 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, სულ 360 ადამიანი გამოიკითხა. როგორც თავად კვლევის ავტორი აღნიშნავს, წინასაახალწლო პერიოდის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ნოემბრისა და დეკემბრის მაჩვენებლები გაუმჯობესდება.