LIVE

2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა - საქსტატი

01 დეკ 202212:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა 8 846-მა მოსწავლემ შეწყვიტა, რაც 25.5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. მოსწავლეების 42.6% გოგო იყო, 57.4% კი - ბიჭი.

აღსანიშნავია, რომ იმ მოსწავლეებს შორის, რომლებმაც სწავლა შეწყვიტეს, 500-მდე პირველკლასელია, ყველაზე მეტი (3000-მდე) კი მეათე კლასის მოსწავლე იყო. კერძოდ, 2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში სწავლა 2000-მდე მეათე კლასელმა გოგომ და 1000-მდე ბიჭმა შეწყვიტა.

საქსტატის თანახმად, 2022 წელს საშუალო სკოლა 45 423-მა მოსწავლემ დაასრულა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 17.3%-ით აღემატება. დაწყებითი განათლება მიიღო 60 235-მა მოსწავლემ (წლიური ზრდა 26.5%), ხოლო საბაზო განათლება - 45 008 მოსწავლემ (წლიური კლება 0.4%).

რაც შეეხება მიმდინარე სასწავლო წლის მონაცემებს, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში სულ 2 302 სკოლა ფუნქციონირებდა, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 216 კერძო.

წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთშია.  

2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 633 300 მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 1.4%-ით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების 89.9% საჯარო სკოლებში სწავლობს, ხოლო 10.1% - კერძო სკოლებში. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.1% გოგოა, ხოლო 51.9% - ბიჭი. რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.4%) თბილისში სწავლობს.

საქსტატის ინფორმაციით, 2022/2023 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 62 296 პედაგოგი იყო დასაქმებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდი უმრავლესობა ქალია. კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.4%-ია, ხოლო კაცების - 12.6%.