LIVE

სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის საპარკინგე ადგილები გამოიყოფა

30 ნოე 202211:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
სადისტრიბუციო ავტომობილებისთვის საპარკინგე ადგილები გამოიყოფა

დედაქალაქში სადისტრიბუციო მანქანებისთვის საპარკინგე სივრცეები გამოიყოფა. როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, პროცესი უკვე დაწყებულია.

"დედაქალაქში 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი განისაზღვრა, რომელიც დაეთმობა სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს. დაწყებულია სპეციალური პარკირების ზონების გამოყოფის პროცესი და ეტაპობრივად განხორციელდება. ხშირია, როდესაც სადისტრიბუციო მანქანები გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ქალაქში, როდესაც გაჩერებული ჰყავთ და სხვა ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვა ავტომობილების მოძრაობა არ შეაფერხონ",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სადისტრიბუციო მანქანებისთვის სპეციალური საპარკინგე სივრცეების გამოყოფას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ითხოვდა. ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობდა, რომ ერთი მხრივ, სპეციალური საპარკინგე სივრცის არარსებობის, ხოლო მეორეს მხრივ გაზრდილი ჯარიმის გამო, დისტრიბუტორებს პროდუქციის მიწოდება საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რაც სექტორიდან კადრების გადინებას იწვევს.