საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
მისი თქმით, დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შექმნა პრობლემის გადაჭრას ხელს შეუწყობს.
„ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უჭირს ადგილობრივი მუშახელის დაქირავება, საჭირო ხდება თანამშრომლების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა. გარდა ამისა, არსებული მონაცემების მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარგში მოღვაწე ადამიანების ერთი მეხუთედი საპენსიო ასაკში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვმართებს, ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა სექტორს ახალი პროფესიონალები შეემატოს. დარგობრივი უნარების ორგანიზაციის შექმნით სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორები ერთობლივი ძალისხმევით სწორად, დროულად და ეფექტიანად შეძლებენ მუშაობას არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი დარგის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ - განაცხადა აბრამიშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ჩამოყალიბების მიზნით გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ამჟამად ოთხი ხელმომწერი ჰყავს: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), მზის ენერგიის ასოციაცია, საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაცია „ვინდ ჯორჯია“ და ენერგოეფექტურობის ცენტრი. ინიციატივის მხარდამჭერი პროფესიული უნარების სააგენტოა. GREDA-ს ინფორმაციით, სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება და ორგანიზაცია სექტორში პროფესიული განათლების განვითარებაზე იმუშავებს. კერძოდ, მოხდება სექტორში უნარებთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება, დარგში შესაბამისი კვალიფიკაციების განვითარება და დანერგვის მხარდაჭერა.