LIVE

TBC Capital: როგორც ჩანს, ნოემბერში დეფლაცია დაფიქსირდება

28 ნოე 202213:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
TBC Capital: როგორც ჩანს, ნოემბერში დეფლაცია დაფიქსირდება

TBC Capital-ის ინფორმაციით, მომდევნო 12 თვეში, შესაძლოა, უფრო ადრეც, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნესთან ახლოს, ან უფრო დაბალი იქნება.

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, დეფლაცია დაფიქსირდეს, ანუ სამომხმარებლო ფასების დონე შემცირდეს.

„მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით გაანგარიშებული ინფლაცია დამატებით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ხშირად, სამომხმარებლო ფასების ინდექსის წინმსწრები ინდიკატორია. ამავდროულად, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი შემცირება და მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის დანორმალიზების საბაზო სცენარი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო 12 თვეში, ან უფრო ადრეც, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნესთან ახლოს ან უფრო დაბალი იქნება. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, უკვე მიმდინარე ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, როგორც ჩანს, დეფლაცია დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში.

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი პროგნოზირებს, რომ ახლო მომავალში ლარში სესხზე საპროცენტო განაკვეთები ეტაპობრივად დაიწევს.

„საკრედიტო აქტივობის მხრივ, ოქტომბერი კვლავ ზომიერი მაჩვენებლით განისაზღვრა. უფრო მეტიც, წლიური ინფლაციის გათვალისწინებით, დაკრედიტების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 3% შეადგინა, რაც ერთმნიშვნელოვნად დაბალი ნიშნულია. ვფიქრობთ, რომ ახლო მომავალში ლარში საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი დაწევა და, ასევე, მომავალ წელს, თუმცა შედარებით უფრო მოგვიანებით, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ შერბილების ციკლის დაწყება საკრედიტო აქტივობას შედარებით გააუმჯობესებს. აშშ დოლარის საერთაშორისო საპროცენტო განაკვეთების მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბაზრის მოლოდინებით გრძელვადიანი განაკვეთები, მაგალითად, ამერიკის მთავრობის 10 წლიანი ფასიანი ქაღალდების უკუგება, უკვე სადღეისოდაც პიკზეა, რაც საქართველოში როგორც ლარის, ასევე ეკონომიკური ზრდისთვის სამომავლოდ პოზიტიური განვითარებაა“, - აცხადებენ TBC Capital-ში.

თავის მხრივ, ეროვნულ ბანკში ელიან, რომ წლიური ინფლაცია კლებას თებერვლიდან დაიწყებს და მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება. ამასთან, როგორც სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა "არაა გამორიცხული, რომ გარკვეული სიურპრიზები იყოს" და ინფლაცია არსებულ პროგნოზზე დაბალი აღმოჩნდეს.