
ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი კვლავ 3% იქნება.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით აცხადებს, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.
„მოგეხსენებათ, სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, რომელიც 2018 წელს განისაზღვრა. ეს ინფლაციის ის მაჩვენებელია, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში უნდა იქნეს მიღწეული და რომლისკენ წასვლაც არის დაგეგმილი.
ზოგადად, საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდიდან არსებობს, გაურკვევლობა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გააღრმავა. მიგრაციამ, რომელიც საქართველოში განხორციელდა მოთხოვნა გაზარდა, რუსეთიდან გაიზარდა გადმორიცხვები, ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი იყო, ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ხელი შეუწყო ლარის კურსის გამყარებას, რაც იმპორტირებული ინფლაციის შემცირებას ეხმარება. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ 2023 წლის მეორე ნახევარში უნდა დაუახლოვდეს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება, მონეტარული პოლიტიკა კი იმგვარად წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. ინფლაციის თარგეთირების შემოღების საწყის ეტაპზე მიზნობრივი ინფლაცია 6%-ს შეადგენდა. 2015 წლიდან მიზნობრივი ინფლაცია 5%-მდე, ხოლო 2017 წელს 4%-მდე შემცირდა. 2018 წლიდან კი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ით არის განსაზღვრული
უკვე 1 წელზე მეტია ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს მკვეთრად აჭარბებს. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 10.6% შეადგინა.