
ჩრდილო-აღმოსავლეთ პაკისტანში მდებარე ქალაქი სიაკოტი ფეხბურთის ბურთების მსოფლიო მარაგის დაახლოებით 70%-ს აწარმოებს. მათ შორისაა კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ოფიციალური ბურთი.
თუ სახლში ფეხბურთის ბურთი გაქვთ, ადვილად შესაძლებელია, რომ ისიც სიაკოტის 1000-მდე ფაბრიკაში იყოს შეკერილი. ამ ქალაქში 60000-მდე მოსახლე სწორედ ფეხბურთის ბურთის წარმოებაშია დასაქმებული, რაც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 8%-ს უდრის. ხშირად ისინი ხელით საათობით კერავენ ბურთის ნაწილებს, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია და რისი წყალობითაც ბურთი მდგრადობას ინარჩუნებს.
Anwar Khawaja-ს წარმოებაში ხელით მომუშავეებს თითო ბურთში 160 რუპიამდე უხდიან, რაც დაახლოებით $0.75-ს უდრის. თითო ბურთის დამზადებას სამი საათი სჭირდება. დღეში სამი ბურთით, მკერავს თვეში 9600 რუპიამდე შეუძლია გამოიმუშაოს, რაც ღარიბი რეგიონის კვალობაზეც კი დაბალი ხელფასია. მკვლევართა გამოთვლებით, სიაკოტში საშუალო ხელფასი თვეში 20000 რუპიაა.
ამგვარი მუშახელის უმეტესობა ქალია. ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ისინი ორ ბურთს კერავენ, შინ დაბრუნებულები საოჯახო საქმეს უძღვებიან, შემდეგ კი ახლომდებარე სოფელში სამუშაოდ გადადიან. კაცები, ჩვეულებისამებრ, საწარმოო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე არიან ჩართული, რაც მოიცავს მასალების მომზადებასა თუ ხარისხის შემოწმებას.
სანამ 1997 წელს შრომითი ურთიერთობები ძალაში შევიდოდა, სიაკოტში მდებარე ქარხნები მშობლებთან ერთად, მათ 5 წლის ბავშვებსაც კი ასაქმებდნენ. 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღინიშნა, რომ ბავშვთა შრომის აკრძალვამ სიაკოტის ინდუსტრიას საფრთხე შეუქმნა, რადგან „ხელიდან გამოაცალა ხელმარჯვე თაობების მთელი ჯგუფი“.