LIVE

ჩინეთი მთვარეზე ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ბაზის აშენებას გეგმავს

27 ნოე 202216:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 856
ჩინეთი მთვარეზე ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ბაზის აშენებას გეგმავს

ჩინეთი 2028 წლისთვის მთვარეზე პირველი ბაზის აშენებას გეგმავს, რასაც მომდევნო წლებში ასტრონავტების გაგზავნა უნდა მოჰყვეს. 

ჩინური გამოცემის, Caixin-ის თანახმად, მთვარის ბაზა, სავარაუდოდ, ბირთვული ენერგიით მომარაგდება. მისი მშენებლობა Chang’e 6, 7 და 8 მისიების ფარგლებში იგეგმება. 

„ჩვენი ასტრონავტები მთვარეზე წასვლას, სავარაუდოდ, 10 წლის განმავლობაში შეძლებენ“, - ამბობს ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამის ხელმძღვანელი ვუ ვეირანი.

მისივე თქმით, ბირთვულ ენერგიას შეუძლია დააკმაყოფილოს მთვარის სადგურის გრძელვადიანი და ამასთან, ჭარბი მოთხოვნილება. 

ბოლო წლებში ჩინეთი კოსმოსის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს. თავისი გეგმებით, ის პირდაპირ კონკურენციაში მოდის აშშ-სთან. 

ჩინეთის მიზანია, რომ მისი ბაზა მთვარის სამხრეთ პოლუსზე მოწინავე კვლევების ხელშემწყობად იქცეს. მეცნიერთა აზრით, ეს საუკეთესო ადგილია წყლის აღმოსაჩენად. მთვარის ამ ნაწილით დაინტერესებულია NASA-ც.

16 ნოემბერს ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ ფლორიდიდან მთვარეზე 100-მეტრიანი რაკეტა გაუშვა. მისია, სახელწოდებით Artemis I, არის საწყისი ნაბიჯი NASA-ს ამბიციური გეგმიდან, რათა 2025 წელს პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი მთვარის ზედაპირზე გააგზავნოს.