LIVE

2007 წლიდან დღემდე ADB-მა საქართველოში $4 მილიარდის დახმარება გასცა

25 ნოე 202212:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 425
2007 წლიდან დღემდე ADB-მა საქართველოში $4 მილიარდის დახმარება გასცა

15 წელია აზიის განვითარების ბანკი (ADB) და საქართველო თანამშრომლობენ. ADB-ის ინფორმაციით, 2007 წლიდან დღემდე მთავრობისა და კერძო სექტორისთვის გაცემული ფინანსური დახმარება $4 მილიარდს შეადგენს.

კერძოდ, ADB საქართველოს დაეხმარა ინფრასტრუქტურის შენებაში, მუნიციპალური და საგანმანათლებლო სერვისების განვითარებაში, ფინანსური ჩართულობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში:

  • აშენდა და განახლდა 180კმ-ზე მეტი სიგრძის გზები, გვირაბები და ხიდები რეგიონების უკეთ დასაკავშირებლად და ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშესაწყობად.
  • განახლდა ოთხი  ქვესადგური მოსახლეობისთვის უწყვეტი ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად.
  • დედაქალაქში გაფართოვდა და მოდერნიზდა მეტროს ქსელი, გაუმჯობესდა მისი მისაწვდომობა და უსაფრთხოება.
  • 300 000-ზე მეტ ადამიანს რეგიონებში უკვე აქვს უწყვეტი წყალი და წყალარინება. მიმდინარეობს მუშაობა ამ სერვისების დამატებით 12 ქალაქში უზრუნველსაყოფად.
  • 14 ქალაქსა და სოფელში  მიმდინარეობს ისტორიული ცენტრების რეაბილიტაცია და ახალი  მუნიციპალური და განათლების სერვისების შექმნა რეგიონებში ცხოვრების ხარისხის, სწავლისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
  • ADB-ის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი საპენსიო სისტემა, დაფინანსდა კოვიდ-19-ის ვაქცინაცია, სამედიცინო მასალების შეძენა და გაიცა საბიუჯეტო დახმარება პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შესარბილებლად.
  • ADB-ის კერძო სექტორისადმი გაწეულმა დახმარებამ ხელი შეუწყო ბაზრის მთავარი მოთამაშეების საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე გასვლას, ხოლო კომერციულ ბანკებს მცირე და საშუალო მეწარმეების დაფინანსების საშუალება მისცა.

აზიის განვითარების ბანკში აღნიშნავენ, რომ თანამშრომლობა გრძელდება საჯარო სექტორის რეფორმებისა და მმართველობის გასაძლიერებლად, პროფესიული განათლებისა და უნარების გადამზადების გზით განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და საკვების უწყვეტი მომარაგების გასაძლიერებლად, და ქვეყნის ტრანსპორტისა და ეკონომიკის  რეგიონულ ჰაბად გარდასაქმნელად.