LIVE

ტრამპის აღდგენის გამო, უფლებადამცველები კომპანიებს Twitter-ის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

22 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 338
ტრამპის აღდგენის გამო, უფლებადამცველები კომპანიებს Twitter-ის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე ჯგუფები კომპანიებს მოუწოდებენ, რომ Twitter-ზე რეკლამის განთავსებისგან თავი შეიკავონ. ამ განცხადების მიზეზი ილონ მასკის მიერ პლატფორმაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენაა. 

აქტივისტები ამბობენ, რომ მასკმა დაარღვია დაპირებები, რომლებიც მათ, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ამ თვის დასაწყისში მისცა.

შეხვედრაზე, რომელსაც National Association for the Advancement of Colored People-ისა და ციფრული რასობრივი მართლმსაჯულების ჯგუფის Color of Change-ის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, მასკმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ სადავო ანგარიშების აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებდა, „შინაარსის მოდერაციის საბჭოს“ შექმნიდა. მან დამსწრე ჯგუფებს საბჭოსთან თანამშრომლობა შესთავაზა. 

ორგანიზაციების განცხადებით, ამ შეხვედრის შემდეგ, საბჭოს ამუშავებასთან დაკავშირებით, ნაბიჯები არ გადადგმულა. ნაცვლად ამისა, მასკმა, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული გამოკითხვის საფუძველზე, ტრამპის ანგარიში აღადგინა. 

Anti-Defamation League-ის ვიცე-პრეზიდენტმა, იაელ ეიზენსტატმა, რომელიც მასკისა და სამოქალაქო უფლებების ჯგუფებს შეხვედრას ესწრებოდა, თქვა, რომ ADL გადააფასებს Twitter-თან ურთიერთობას. 

„მასკმა ან შეიცვალა აზრი, ან მოატყუა სამოქალაქო უფლებების ლიდერები და რეკლამის განმთავსებლები. ის არის უგუნური და არასტაბილური მილიარდერი, რომელიც თავის ახირებას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ონლაინ საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვას,” - აცხადებს ციფრული უფლებების ჯგუფის, Free Press-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯესიკა გონსალესი, რომელიც პლატფორმის მსხვილ დამკვეთებს მოუწოდებს, შეუერთდნენ იმ კომპანიებს, რომლებიც ბოიკოტის ნიშნად, Twitter-ს ტოვებენ. 

Twitter-ზე რეკლამის განთავსებაზე უარი არაერთმა ცნობილმა ბრენდმა, მათ შორის, Balenciaga-მ, General Mills-მა, Pfizer-მა და Volkswagen Group-მა თქვეს, რადგან კომპანია მასკის პირობებში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის. 

პლატფორმაზე რეკლამის მთავარ განმთავსებლებს, მათ შორის Alphabet Google-ს, Meta Platforms-სა და Amazon.com-ს, რეკლამის შეწყვეტასთან დაკავშირებით, განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ. 

მასკმა Twitter-ის პერსონალი გაანახევრა და 7000-ზე მეტი თანამშრომლიდან დაახლოებით 2750 დატოვა. გათავისუფლებულთა შორის არიან კომპანიის ადამიანის უფლებათა ჯგუფისა და პლატფორმის ძირითადი ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი პირები. 

Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშის მუდმივად დაბლოკვის გადაწყვეტილება გასულ კვირას გააუქმა. 

სოციალური მედიის კომპანიამ ძალადობის განდიდების წინააღმდეგ წესების დარღვევის მიზეზით ტრამპის ანგარიში 2021 წლის იანვარში გააუქმა, როცა მან მხარდამჭერებს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მისვლისკენ მოუწოდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა. ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა Meta Platform-ის Facebook-მაც.