LIVE

ადგილობრივი ბაზრისთვის სამრეწველო პროდუქციის წარმოება 9.1%-ით გაძვირდა

21 ნოე 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 410
ადგილობრივი ბაზრისთვის სამრეწველო პროდუქციის წარმოება 9.1%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.6%-ით გაიზარდა.

წლიურად 9.1%-ითაა გაზრდილი ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი.

2022 წლის ოქტომბერში ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების წლიური ცვლილება ასეთი იყო:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია - ფასების წლიური ზრდა 15.8%;
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია - ფასების წლიური ზრდა 12.4%;
  • წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფი - ფასების წლიური ზრდა 1.8%;
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფი - ფასების წლიური კლება 6%. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, გასულ თვეში, დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 12.8%-ით გაიზარდა. საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასებმა 18.8%-ით მოიმატა, ხოლო დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასებმა - 9.7%-ით.

ერთ წელში, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3.5%-ითაა გაზრდილი. ფასების 2.2%-იანი მატება დაფიქსირდა სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე. ფასები 5.7%-ით გაიზარდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე. წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 4.2%-ით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 9.7%-ით.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ოქტომბერში სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 0.5%-ით შემცირდა. სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 1.1%-ით, ხოლო თანამგზავრული კავშირგაბმულობის მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 16.7%-ით

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში წლიურად იკლო როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ფასების ინდექსმა. ექსპორტის ფასები ინდექსი 3.6%-ითაა შემცირებული, იმპორტის კი - 1.1%-ით.