LIVE

10 თვეში რუსეთიდან იმპორტი 74%-ით გაიზარდა - საქსტატი

21 ნოე 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
10 თვეში რუსეთიდან იმპორტი 74%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (2 მლრდ 296 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (1 მლრდ 946 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - ჩინეთმა (1 მლრდ 528 მლნ აშშ დოლარი).

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 74.1%-ით გაიზარდა. საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 13.3% იყო. 10 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების რუსული პროდუქცია იყიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
  • კოქსი და ნახევარკოქსი;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბალი და მესლინი.

10 თვეში რუსეთში ექსპორტი წლიურად 10.1%-ით გაიზარდა და მთლიანი ექსპორტის 11.7% შეადგინა. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი მოცულობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • სპირტიანი სასმელები;
  • მინერალური და მტკნარი წყლები.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (607.5 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (541.7 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (530.3 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 842.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები 661.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.5%), ხოლო მესამეზე - ფეროშენადნობები 447.7 მლნ. აშშ დოლარით (9.8%).

10 თვეში საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: თურქეთი (1 მლრდ 916 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 მლრდ 416 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (921 მლნ აშშ დოლარი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში მსუბუქი ავტომობილები ლიდერობდა, რომლის იმპორტმა 1 მლრდ 223 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 მლრდ 136 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 10.6%), ხოლო მესამე ადგილზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 623.1 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.8%).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მლრდ 228 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.5%-ით მეტია.

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 4 მლრდ 546 მლნ აშშ დოლარი იყო (34%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 10 მლრდ 682 მლნ აშშ დოლარი (33.3%-ით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6 მლრდ 136 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3% შეადგინა.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.6%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.