LIVE

"შავი პარასკევი" ახლოვდება - რას უნდა ელოდონ მომხმარებლები?

19 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 671
"შავი პარასკევი" ახლოვდება - რას უნდა ელოდონ მომხმარებლები?

"თბილისი ცენტრალის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი "შავ პარასკევთან" დაკავშირებით სავაჭრო და საცალო ქსელებში მნიშვნელოვან ფასდაკლებებს აანონსებს.

მისი თქმით, "შავი პარასკევის" კვირეულის ფარგლებში მომხმარებელს თითქმის ყველა მიმართულებაზე საშუალოდ 30%-60%-იანი ფასდაკლება დახვდება. 

"ესაა წლის საბოლოო ვაჭრობის დასრულებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი დღე და ბრენდები "შავი პარასკევისთვის" განსაკუთრებით ემზადებიან. მნიშვნელოვანი შეთავაზებები კი ტექნიკის მიმართულებით დახვდებათ. მათ შორის ტელევიზორებსა და მაცივრებზე მომხმარებელს დაახლოებით 50-60%-იან ფასდაკლება ელოდება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ დღეს ადგილობრივი მომხმარებელი აქცენტს არა ყოველდღიურ ნივთებზე, არამედ შედარებით უფრო ძვირადღირებულ საგნებზე აკეთებს, ამ მხრივ კი ტექნიკა ლიდერობს. თუმცა, ცხადია განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედეს მათ შორის ტანსაცმელსა და სხვა სახის ნივთებზეც", - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში. 

მისი განმარტებით, დაჩქარებული ინფლაციის მიუხედავად, გაყიდვები არ იკლებს და მოთხოვნა მზარდია, რაც მათ შორის უცხოელების დანახარჯებს უკავშირდება.

"ცხადია, ფასების ზრდა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემა რჩება გამოწვევად. მათ შორის 2022 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა გადაზიდვების ტარიფებიც, თუმცა ბოლო თვეების ტრენდი აჩვენებს, რომ აღნიშნული კლებისკენ მიდის. ამასთან, შარშანდელ პანდემიურ წელთან შედარებით, წელს გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვან აღდგენას აჩვენებს. მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ყველა მიმართულებით. რაც ასევე მთავარია, ჩვენ გვაქვს გამყარებული ლარი და რეკორდულად გაზრდილი ფულადი შემოდინებები, რაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა პრობლემას აკომპენსირებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ უცხოელი ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხებიც, რადგან მათ გაყიდვების წილში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს. კერძოდ, მთლიან გაყიდვებში თითქმის 40-50% სწორედ უცხოურ ბარათებზე მოდის. ამიტომ, თუ გასულ წელს ორგანიზებული სავაჭრო და საცალო ქსელების ჯამური მოცულობა თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო, წელს ველით რომ ეს რიცხვი გაიზრდება", - განმარტავს ლევან ყარალაშვილი. 

ცნობისთვის,  ე.წ. "შავი პარასკევის" ტრადიცია აშშ-ში გაჩნდა. უფრო ზუსტად, 1869 წლის 24 სექტემბერს, როდესაც აშშ-ში ოქროს ფასი მკვეთრად დაეცა და ბირჟაზე პანიკაც გამოიწვია. შედეგად, აღნიშნული ქვეყნის ეკონომიკაზე განსაკუთრებით ნეგატიურად აისახა. მოგვიანებით ამ დღეს "შავი პარასკევი" ეწოდა, მაგრამ თანამედროვე გაგებით „შავი პარასკევის“ ტრადიცია 1960-იანი წლებიდან იწყება.