LIVE

FAO - სასურსათო უსაფრთხოების რისკებს ტექნოლოგიური განვითარება შეამცირებს

19 ნოე 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
FAO - სასურსათო უსაფრთხოების რისკებს ტექნოლოგიური განვითარება შეამცირებს

გლობალურად სასურსათო უსაფრთხოების რისკის მინიმალიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სექტორში ტექნოლოგიური განვითარების დაჩქარება გარდაუვალი პროცესია - ასეთია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განახლებული ანგარიშის მთავარი გზავნილი.

ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორის ავტომატიზაცია ეკონომიკების ზრდას უფრო დააჩქარებს. ამასთან, გაიზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და რაოდენობაც. თუმცა მეორეს მხრივ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური წინსვლის პარალელურად, დარგიდან კადრების გადინება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

როგორც FAO-ს პოლიტიკის მრჩეველი ჯუბა მარუაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, პრობლემაა ქვეყნების არათანაბარი ტექნოლოგიური განვითარებაც. 

"ტექნოლოგიური განვითარება ესაა არჩევანიც და უკვე საჭიროებაც. რაც უფრო ციფრული ხდება სამყარო, მით უფრო წარმოუდგენელი ხდება ოპტიმიზაციის გარეშე მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებაც. თანაც, ფაქტია რომ ტექნოლოგიური განვითარება ხელს უწყობს გლობალურად სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის დაძლევას, რაც დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიურ განვითარებაზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ არსებული პრობლემებიც. პირველ რიგში ესაა, ქვეყნების არათანაბარი განვითარება. დღეს, სამწუხაროდ გვაქვს ამგვარი სიტუაცია - პირობითად თუ განაში ტრაქტორებზე ხელმისაწვდომობაც კი პრობლემაა, ამის პარალელურად იაპონიაში თვითმართვადი ტრაქტორები თავად ამუშავებენ მიწებს. ცხადია, მსგავსი დისბალანსი მომავალში სამყაროს კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ დააყენებს, მათ შორის ცალკეულ ქვეყნებში სიღარიბის მაჩვენებლის ზრდის კუთხით. ამიტომ მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კუთხით მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა მეტი ძალისხმევა მიმართონ შედარებით დაბალგანვითარებული ქვეყნების დახმარებისკენ. ესაა FAO-ს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია", - აღნიშნავს ჯუბა მარუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ FAO სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორის შემაჯამებელ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. ამჯერად, 2022 წლის დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ დარგის ტექნოლოგიურ განვითარებასა და ოპტიმიზაციას დაეთმო.