LIVE

აშშ-მა შეიძლება 2023 წელს რეცესია გადალახოს, ევროპას არც ისე გაუმართლა - Morgan Stanley

14 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 457
აშშ-მა შეიძლება 2023 წელს რეცესია გადალახოს, ევროპას არც ისე გაუმართლა - Morgan Stanley

მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley პროგნოზირებს, რომ მომავალ წელს დიდი ბრიტანეთისა და ევროზონის ეკონომიკები სავარაუდოდ, რეცესიაში აღმოჩნდებიან. აშშ კი, შრომის ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა რეცესიას გაექცეს.

რაც შეეხება ჩინეთს, როგორც საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები ამბობენ, მოსალოდნელი COVID რეგულაციების გაუქმება სავარაუდოდ, ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის. აღნიშნული შეეხება ზოგადად აზიურ ბაზრებსაც. უფრო ზუსტად, ჩინეთის ეკონომიკა 2023 წელს 5%-ით გაიზრდება, რაც განვითარებადი ბაზრების მოსალოდნელ საშუალო 3.7%-იან ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს.

Morgan Stanley-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია ისიც, რომ რისკები კლებულობს, გლობალური ეკონომიკა კი 2023 წელს 2.2%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ეს პროგნოზი უფრო დაბალია ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოლოდინები (2.7%-იანი ეკონომიკური ზრდა).

Morgan Stanley-ის თანახმად, განვითარებული ეკონომიკები მომავალ წელს რეცესიაში ან მასთან ახლოს იქნებიან, ხოლო განვითარებად ეკონომიკებს მცირედი გაჯანსაღება ექნებათ.

მოხსენებაში ხაზგასმულია, ისიც რომ გლობალურად დაჩქარებული ინფლაცია, მათ შორის აშშ-ში, თავის პიკურ მაჩვენებელს სავარაუდოდ მიმდინარე კვარტალში მიაღწევს.