LIVE

FDI გრანტი IT კომპანიების საქართველოში შემოსვლისთვის დამატებითი სტიმულია - ხიდურელი

10 ნოე 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
FDI გრანტი IT კომპანიების საქართველოში შემოსვლისთვის დამატებითი სტიმულია - ხიდურელი

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის თქმით, FDI გრანტის პროგრამაში IT სექტორის დამატება სააგენტოს გადაწყვეტილება იყო და არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტული კომპანიის გეგმებს.

როგორც ხიდურელმა "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ განმარტა, პროგრამის განახლების საჭიროება და IT მიმართულების დამატება გაზრდილმა მოთხოვნამ და ქვეყანაში საერთაშორისო IT კომპანიების ზრდამ განაპირობა.

"ცვლილება უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებას და არა ვთქვათ, რომელიმე კომპანიის გეგმას. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი გვაქვს პროგრამა, დივერსიფიცირებულია სექტორები. პროგრამაში შედის ელექტრო ნაწილების წარმოება, ავია ნაწილები, თვითმფრინავების შეკეთების ცენტრი, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, IT მიმართულება და ლოჯისტიკური ცენტრები. შესაბამისად, ის ნაწილი, რომ IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი იყოს ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, ამას ცალსახად აჩვენებს ქვეყნისა და მთავრობის დამოკიდებულება. იცით, რომ  ამ მიმართულებას აქვს კონკრეტული საგადასახადო შეღავათი, რაც იყო ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო IT კომპანია საქართველოში შემოვიდა. პროგრამა, რა თქმა უნდა, არის კიდევ დამატებითი სტიმული, რომელიც დღევანდელ ძალიან კონკურენტულ სამყაროში ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამა FDI გრანტი 2 წლის წინ ამოქმედდა და მისი პირველი ბენეფიციარი, პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია Lineate გახდა, რომელიც გრანტის ფარგლებში საქართველოში 700 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. ხოლო საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.