LIVE

ამოქმედებიდან ორი წლის თავზე FDI გრანტს პირველი ბენეფიციარი ჰყავს

10 ნოე 202212:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 803
ამოქმედებიდან ორი წლის თავზე FDI გრანტს პირველი ბენეფიციარი ჰყავს

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ FDI გრანტით ამერიკული კომპანია Lineate ისარგებლებს.

2 წლის წინ ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Lineate პირველი ბენეფიციარია. მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება დღეს ფორმდება.

Lineate-ის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანს ასაქმებს. ის 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

FDI გრანტის ფარგლებში Lineate 700 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში და მინიმუმ 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ, კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

FDI გრანტი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობის, ტექნოლოგიის შემოდინებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა. თავდაპირველი პირობებით, უცხოელ ინვესტორს, რომელიც საქართველოში 10 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებდა და 150 ადამიანს დაასაქმებდა, მთავრობა 1 მილიონი ლარიან გრანტს სთავაზობდა.  

პროგრამა მიმდინარე წლის ივლისში განახლდა და IT სექტორი დაემატა. FDI გრანტით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, კომპანიას საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნდება.