LIVE

ევროპამ ელექტროენერგიის ბაზარი პუტინისგან უნდა დაიცვას - მოსაზრება

12 ნოე 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
ევროპამ ელექტროენერგიის ბაზარი პუტინისგან უნდა დაიცვას - მოსაზრება

ნამდვილად ირონიული იქნება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტოტალიტარმა ლიდერმა იმდენი მოახერხოს, რომ დასავლეთს უარი ათქმევინოს თავისუფალ ბაზარზე. ევროპის ელექტროსექტორი ამჟამად რისკის წინაშე დგას იმ ფონზე, როდესაც დასავლელი ლიდერები ცდილობენ პასუხი გასცენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ენერგომარაგების იარაღად ქცევის პროცესს. 

ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ევროპამ თავის ელექტროენერგიის სექტორში დიდი ტრანსფორმაცია მოახდინა, როდესაც ეროვნული მონოპოლიები დაშალა და ისინი საერთო ბაზრის ნაწილად აქცია. ეს დიდი გამოწვევებით სავსე პროცესი იყო, რადგან ელექტროენერგია სხვა საქონელსა და პროდუქტებს არ ჰგავს: დენის გათიშვის თავიდან ასაცილებლად, მოწოდება უნდა ემთხვეოდეს მოთხოვნას ყოველი დღის ყოველ წუთს. შედეგად ვიღებთ საოცრად კომპლექსურ სისტემას, რომელიც განსაზღვრავს ფასებს და ანაწილებს გადაცემის სიმძლავრეს ქვეყნებს შორის, აძლევს რა საშუალებას ყველა მწარმოებელს (მათ შორის, ქარის, მზის, ატომურ და გაზის) კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს მომხმარებლის თვალში.

ეს, თავის მხრივ, ფასდაუდებელ როლს თამაშობს ევროპის გასაერთიანებლად. რისკებიც და რესურსებიც იყოფა: მაგალითად, გერმანულ ტურბინებს ქსელის "გამოკვება" შეუძლიათ, როდესაც საფრანგეთში ქარი არ ქრის, ამგვარად, ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთს დაეყრდნონ გამოუვალ სიტუაციებში, საკუთარი რეზერვების შევსების ნაცვლად. ფასთა შორის განსხვავება კი იმაზე მიუთითებს, თუ სად რა სახის და ოდენობის ინვესტირებაა საჭირო. მხოლოდ 2021 წელს, ტრანსსასაზღვრო ერთობამ 34 მილიარდი ევროს სარგებელი მოიტანა და ხელი შეუწყო რუსეთის მიერ გაზის ექსპორტის შემცირებით გამოწვეული შოკური მდგომარეობის განმუხტვას.

პუტინის ომი, ბაზრისადმი  ევროპის ერთსულოვნების ერთგვარი გამოცდაა. როგორც ნებისმიერი სხვა საქონლის შემთხვევაში, ელექტროენერგიის ფასს ზღვრული მიმწოდებელი ადგენს, რაც, ევროპის შემთხვევაში, გაზზე მომუშავე გენერატორებია. ნორმალურ პირობებში, ეს მშვენივრად მუშაობს, მაგრამ, ახლა, როდესაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეწყვიტა, ფასები კი უმაღლეს მაჩვენებელზე ავარდა, ევროპელი ლიდერები ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიების პირისპირ მოექცნენ. 

ამ ვითარებაში, საუკეთესო პასუხი იქნებოდა ბაზრის თავის ნებაზე მიშვება. მაღალი ფასის დაშვება მოთხოვნის შესაჩერებლად და ახალი მომწოდებლების წასახალისებლად და ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქება მათთვის გადაუდებელი გადასახადების დაფარვით. 

რეალურად, პასუხი გაცილებით მძაფრი აღმოჩნდა. მოკლებულნი არიან რა შესაძლებლობას, რომ მყისიერად განსაზღვრონ და მისწვდნენ ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას, მთავრობებმა ენერგო კომპანიების ნაციონალიზაცია და დახმარების გაფანტულად გაგზავნა დაიწყეს. კიდევ უარესი ისაა, რომ მათ ფასზე კონტროლი დააწესეს, რაც ხელს უშლის ნებისმიერ მცდელობას, შეამციროს მოხმარება და განახლებადი ენერგიის მომწოდებლების მოგება. ისინი უფრო რადიკალურ საბაზრო ცვლილებებსაც განიხილავენ - საუბარია, განახლებადი ენერგიის გაზისგან გამოყოფასა და მათი ფასის უფრო პერმანენტულ შეზღუდვაზე, რისი იდეაც საფრთხეს უქმნის გრძელვადიან ინვესტირებას მწვანე ენერგიაში. 

ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე კრიზისიდან თავის დაღწევა გარკვეულ არაოპტიმალურ პოლიტიკას მოითხოვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა არასწორია. პირიქით, ევროპელი ლიდერები მყარად უნდა დადგნენ. მათ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღადგინონ ერთიანი ბაზარი, ხელი შეუწყონ კონკურენციას და შეინარჩუნონ ხელსაყრელი საინვესტიციო პირობები. 

მათ უნდა გააუმჯობესონ საფასო მექანიზმები და აღმოფხვრან სირთულეები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშესაწყობად. მათ ასევე უნდა შეიმუშაონ უკეთესი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ დაიცვან მომხმარებელი არასტაბილურობის შეგრძნებისგან და გააუმჯობესონ ფისკალური სატრანსფერო სისტემები იმგვარად, რომ შეძლონ სწორად მიმართული სწრაფი დახმარების უზრუნველყოფა როგორც კი შოკის მომდევნო ტალღა დაარტყამთ. 

ევროპამ შექმნა ერთიანი ბაზარი, რომელმაც დიდი სარგებელი მოიტანა. ეს ის მიღწევაა, რაც ევროპას უკეთეს ადგილად აქცევს. არ მისცეთ რუს დიქტატორს ამის დანგრევის საშუალება.