LIVE

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო: სექტემბერში ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

03 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 578
რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო: სექტემბერში ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

აგვისტოში 4%-იანი ვარდნის შემდეგ, სექტემბერში რუსეთის ეკონომიკა წლიურად 5%-ით შემცირდა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დაწესებული დასავლური სანქციები და ქვეყნიდან დიდი რაოდენობით სამხედროების ომში გაწვევა, რეცესიის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორებად იქცა. მიუხედავად ამისა, ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ დასავლეთმა რუსული ეკონომიკის განადგურება ვერ შეძლო.  

რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, წელს ეკონომიკის ვარდნა 2.9% იქნება, სექტემბერში მაღალი კლება კი საბაზო ეფექტს უკავშირდება. სამინისტროს ცნობით, 2022 წლის III კვარტალში რუსეთის ეკონომიკა, გასულ წელთან შედარებით, 4.4%-ით შემცირდა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის შეფასებით, კრემლის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაცია" სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. 

წლის დასაწყისში ეკონომისტები ორნიშნა რეცესიას პროგნოზირებდნენ. ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, ინფლაციამ პიკს აპრილში მიაღწია და წლის ბოლოსთვის მის 12.4%-მდე შემცირებას მოელიან.