LIVE

რუსეთმა პროგნოზი გააუმჯობესა და წელს ეკონომიკის 2.9%-იან ვარდნას ელის

25 სექ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 683
რუსეთმა პროგნოზი გააუმჯობესა და წელს ეკონომიკის 2.9%-იან ვარდნას ელის
Olga Maltseva/AFP/Getty Images

რუსეთი მიმდინარე და მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის.

იმ ფონზე, როცა დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთმა მრავალი მაჩვენებლის მიხედვით დამანგრეველი დარტყმა მიიღო, სანქციებმა "შეუქცევადად გააუარესა" ექსპორტი, გაანადგურა იმპორტი, ქვეყანაში "მიწოდების ფართო დეფიციტია" და ადგილობრივი წარმოება შეჩერდა, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოლოდინი პოზიტიურია. 

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, ის ელის, რომ ეკონომიკური ვარდნა დაბალ ნიშნულს მომავალ კვარტალში მიაღწევს.

ახალი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი 2023 წელს მხოლოდ 0.8%-ით შემცირდება, რაც სამინისტროს ადრინდელი პროგნოზის - 2.7%-იანი კლებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 

რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო მოელის, რომ 2024-2025 წლებში მშპ დაუბრუნდება ზრდის ტემპს და ის საშუალოდ 2.6% იქნება. ომის დაწყების შემდეგ, ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ გაიზარდა. ახლანდელი შეფასებით, წელს რუსეთის მთავრობა ეკონომიკის 2.9%-იან კლებას მოელის

რეშეტნიკოვის თქმით, ახალი პროგნოზით წლის ბოლოს ინფლაცია 12,4%-მდე ჩამოვა. ინფლაციამ პიკს აპრილში მიაღწია, როცა მან 18% შეადგინა. 

მინისტრი განმარტავს, რომ ახალი პროგნოზის საფუძველი სანქციების დაჩქარებული ადაპტაციის სცენარია. ეკონომიკა აშშ-ისა და ევროკავშირის დაწესებულ სანქციებზე ადაპტირდება, მაგრამ სულ უფრო რთული ხდება რისკების შეფასება, მით უფრო ახლა, როცა რუსეთი ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის ანექსიაზე გადადის და პუტინი ბირთვული საფრთხის შესახებ მიანიშნებს. 

"განახლებული პროგნოზი ითვალისწინებს ოპტიმალურ აქტივობას წლის მეორე ნახევარში და ინფლაციის მუდმივ შემცირებას. ორივე ვარაუდს ეჭვქვეშ აყენებს გამოცხადებული მობილიზაცია, რომელიც გავლენას მოახდენს სამუშაო ძალის 0.5%-ზე, შეამცირებს ზრდას და ზეწოლას მოახდენს ხელფასებზე და ფასებზე კერძო სექტორში", - ამბობს ალექსანდრე ისაკოვი, Bloomberg-ის რუსეთის ეკონომისტი.

ოთხშაბათს პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, Bloomberg Economics-მა წლევანდელი პროგნოზი შეამცირა. ეკონომისტები ახლა 3,75%-მდე ვარდნას ელიან. 

იელის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა "კატასტროფულად დაინგრა" დასავლეთის სანქციებისა და საერთაშორისო კომპანიების მიერ ქვეყნის მასობრივად დატოვების გამო.

კვლევამ, რომელიც რუსული ეკონომიკის "პირველი ყოვლისმომცველი" ანალიზია, დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დამანგრეველი დარტყმა მიიღო მრავალი მაჩვენებლის მიხედვით.

უკრაინის ომის დაწყების შემდეგ 1000-ზე მეტმა კომპანიამ შეზღუდა საქმიანობა რუსეთში ან დატოვა ქვეყანა, თითქმის ყველა ინდუსტრიაში, მოდიდან ფინანსებამდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია