LIVE

ერდოღანი: მარცვლეულის საექსპორტო დერეფანი მუშაობას დღეს შუადღიდან განაახლებს

02 ნოე 202214:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
ერდოღანი: მარცვლეულის საექსპორტო დერეფანი მუშაობას დღეს შუადღიდან განაახლებს

უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო დერეფანი მუშაობას დღეს შუადღიდან განაახლებს. Bloomberg News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში განაცხადა.

ერდოღანის თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა თავის თურქ კოლეგას დაურეკა და ოპერაციის დაწყების შესახებ აცნობა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში ისევ ჩაერთვება, რადგან უკრაინისგან მიიღო წერილობითი გარანტიები, რომ უსაფრთხო დერეფანი მხოლოდ მარცვლეულის ექსპორტისთვის იქნება გამოყენებული. უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ დერეფანს  სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებს.

სიახლის შემდეგ, ხორბალი გაიაფდა. ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსები 6.3%-ით გაიაფდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებას წყვეტს. უწყების განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინის მხრიდან ანექსირებულ სევასტოპოლში, შავ ზღვაში რუსულ გემებზე დრონებით თავდასხმის შემდეგ მიიღეს. 

მოგვიანებით, უკრაინა, თურქეთი და გაერო მარცვლეულით დატვირთული 16 გემის გადაადგილების გეგმაზე შეთანხმდნენ.  

ევროკავშირმა და გაერომ მოუწოდა რუსეთს, დაუბრუნდეს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეულ შეთანხმებას, რადგან ეს ნაბიჯი აღრმავებს მსოფლიო სასურსათო კრიზისს.  

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი 1 აგვისტოდან განახლდა. უკრაინის მთავრობის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციით, სტამბოლში დადებული მარცვლეულის შეთანხმების შედეგად, 1-ელი აგვისტოს შემდეგ, უკრაინული პორტებიდან სულ 380 გემი გავიდა. მათ ჯამში აფრიკის, აზიის და ევროპის ქვეყნებს 8,5 მილიონი ტონა საკვები პროდუქტი მიაწოდეს.