LIVE

Benire - კომფორტული ქართული ტანსაცმელი პატარებისთვის

30 ოქტ 202215:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
Benire - კომფორტული ქართული ტანსაცმელი პატარებისთვის

კესო გულუას ბავშვის ტანსაცმლის ბრენდის, Benire-ს შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი შვილისთვის შეკერილი ყოველდღიური სამოსი მოულოდნელად კომფორტული და მოსახერხებელი აღმოჩნდა. ახლა "ბენირეს" ტანსაცმელს სხვა ბავშვებიც ატარებენ და ბიზნესიც წინ მიდის, თუმცა დამწყები მეწარმის შემდეგი მიზანი ექსპორტზე გასვლაა. მას სჯერა, რომ UNDP-სა და საქართველოს ბანკის პროგრამაში მონაწილეობის შედეგად მიღებული ცოდნა მიზნისკენ მიმავალ გზაზე მეტ თავდაჯერებულობას შესძენს.

რა გახდა ბავშვის სამოსის ბრენდის შექმნის ინსპირაცია?

"ბენირეს" შექმნის ინსპირაცია იყო ჩემი შვილი, კატო, რომელიც ახლა ორი წლისაა. როცა ერთი წლის გახდა, ბებომ შეუკერა ძალიან ლამაზი ტანსაცმელი და რადგან ვნახეთ, რომ ბებო ასეთ კარგ ტანსაცმელს უკერავდა, გადავწყვიტეთ, ბიზნსად გვექცია. ჩემი მიწოდებული დიზაინით ბებო კერავდა ტანსაცმელს და ამის რეალიზებას ვახდენდით თავიდან ონლაინ, Instagram და Facebook გვერდების მეშვეობით. საკურიერო მომსახურების გამოყენებით მზა ტანსაცმელს ვაგზავნიდით მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

რამდენად რთული იყო ოჯახური ისტორიით დაწყებული ეს ტანსაცმლის წარმოება უფრო მასშტაბურ ბიზნესად გექციათ?

ძალიან რთული იყო. თავიდან მცირე ბიუჯეტით დავიწყეთ ყველაფერი, რადგან ვმუშაობდით ინდივიდუალურ შეკვეთებზე - როცა შეგვიკვეთავდნენ, ვკერავდით. მერე მივხვდით, რომ ეს პროცესი და თითო-თითო ერთეულების კერვა გვიჭირდა, თუმცა იმისთვის, რომ სხვა მასშტაბზე გადავსულიყავით თანხის მობილიზება დაგვჭირდა და ეს ყველაზე რთული ნაწილი იყო. შემდეგ საწარმოს დავუკვეთეთ ტანსაცმლის დიდი რაოდენობით შეკერვა და ახლა უფრო გვიადვილდება, რადგან როცა ტანსაცმელი მზად გვაქვს, მცირდება მომხმარებელთან მიწოდების დრო. ისინიც კმაყოფილები არიან და ჩვენც უფრო მშვიდად ვართ, რადგან ვიცით, რომ მზა და კარგი პროდუქტი გვაქვს.

რამდენად მაღალია მოთხოვნა თქვენს ტანსაცმელზე?

საკმაოდ მოთხოვნადია. ძირითადად რეგიონში ვაგზავნით, ალბათ იმიტომ, რომ იქ საბავშვო სამოსის ნაკლები არჩევანია და კონკურენციაც ნაკლებია. განსაკუთრებით ხშირად ვაგზავნით ბათუმში. 

რა გამოარჩევს ბენირეს ტანსაცმელს ბაზარზე არსებული ანალოგებისგან?

ბენირე არის ყოველდღიური კომფორტული ტანსაცმელი, რომელიც შეგიძლია ბავშვს ჩააცვა სახლში, ბაღში, როცა გაიყვან სასეირნოდ. ვკერავთ სამოსს 0 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ვიყენებთ ნატურალურ ქსოვილებს: ზაფხულში - ტილოს, შემოდგომაზე - ბამბას, ხოლო ზამთარში - დათბილულ ქსოვილს. სამოსი არის ანტიალერგიული, მარტივად ირეცხება, მარტივად შრება, რაც ბავშვისთვისაც ძალიან კომფორტულია და დედისთვისაც. თუ ვნახავდი, რომ ეს ტანსაცმელი კომფორტული არ იყო ჩემი შვილისთვის, რეალიზაციაში არ ჩავუშვებდი. რეალურად, კატო იმდენად კარგად იყენებს ამ სამოსს, იმდენად კომფორტულია და მეც ისეთი კმაყოფილი ვარ, მჯერა, ვინც იყიდის, ყველა კმაყოფილი დარჩება. ძირითადად სპორტული სტილი გვაქვს. როცა კატოსთვის სამოსს ვარჩევ, ზოგი მოდელის ვიზუალი მომწონს, ზოგის რაღაც დეტალი არ მომწონს - ვცდილობ ხოლმე, მაქსიმალურად შევკრიბო ყველაფერი, რაც მომწონს და შემდეგ "ბენირეს" მოდელებში გავაერთიანო.  ძირითადად პასტელურ ფერებს ვიყენებ, რადგან მგონია, რომ ბავშვებს ყველაზე მეტად პასტელური ფერები უხდებათ. 

შემდეგი ეტაპი რა არის?

შემიძლია ვთქვა, რომ ერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით - შოურუმი გვაქვს და მომხმარებელს შეუძლია ადგილზე მოვიდეს, დაათვალიეროს და ისე შეიძინოს ჩვენი სამოსი. შემდეგი ეტაპი არის ის, რომ გავხსნა პატარა სამკერვალო, სადაც "ბენირეს" საკუთარი მკერავები ეყოლება და ასე შევავსებთ მარაგებს. ძალიან მინდა გავიდეთ უცხოურ ბაზრებზეც და ექსპორტზე გავიტანოთ ჩვენი ტანსაცმელი. ამისთვის ახლა ინფორმაციის მოძიების პროცესში ვართ და იმედია, გამოგვივა.

UNDP-ის და საქართველოს ბანკის პროგრამა რამდენად დაგეხმარათ საჭირო ცოდნის მიღებაში?

ძალიან გამიხარდა, როცა ამ პროგრამის შერჩევის ეტაპი წარმატებით გავიარე და მონაწილედ ამირჩიეს. ძალიან კარგი ქალი მეწარმეები გავიცანი, თითოეულ მათგანს ჩამოყალიბებული მიზანი აქვს და ცდილობს ეს მიზნები რეალობად აქციოს. ჩემთვის და ჩემი ბიზნესისთვისაც ამ ტრენინგებში მონაწილეობა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა, ბევრ რამეზე დავფიქრდი, ბევრი საჭირო ინფორმაცია მივიღე. ახლა ვეცდები, მიღებული ცოდნა ჩემ საქმეში ჩავდო და წარმატებისთვის გამოვიყენო. 

რამდენად რთულია ბიზნესის, პერსონალური განვითარების შეთავსება ოჯახურ საქმესთან და შვილის მოვლასთან? 

ძალიან რთულია, თუმცა იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ ეს ყველაფერი ჩემია, სხვაზე დამოკიდებული არ ვარ და თან კატოს უკავშირდება, რომ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არ ვიღლები ამ საქმის კეთებისგან. 

რა არის ყველაზე სასურველი შედეგი თქვენთვის?

ძალიან მინდა, რომ ბევრმა იცოდეს ჩვენს შესახებ და ყველაზე დიდი სურვილია, ქუჩაში რომ გავალ ბავშვების 80%-ს მაინც "ბენირეს" სამოსი ეცვას.