მანანა მჭედლიშვილმა ხევსურული ორნამენტი (ნაჭრელა) გაცნობისთანავე შეიყვარა. ის, რაც თავიდან გატაცება იყო, მოგვიანებით, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს მეწარმე ავთენტური ხევსურული ნაქარგით ქმნის არაერთ თანამედროვე აქსესუარს და ფიქრობს, როგორ აქციოს ეს საქმიანობა ბიზნესად იმისთვის, რომ უნიკალური ქართული ხელოვნება არათუ დაიკარგოს, არამედ პოპულარულობა შეიძინოს. იდეის ბიზნესად გარდაქმნის მნიშვნელოვანი ბიძგი დამწყებ მეწარმეს საქართველოს ბანკის და UNDP-ის ერთობლივმა პროგრამამ მისცა.
როგორ დაიწყო თქვენი და ხევსურული ნაქარგის ურთიერთობა?
თავიდან აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი სამების ტაძარში შემსწავლელ კურსებზე და ძალიან მომეწონა ეს ხევსურული ნაქარგი - ნაჭრელა ჰქვია ხევსურულად. ისე მომეწონა, რომ ამის გარდა, ფაქტობრივად, აღარაფერს ვაკეთებდი, დამათენდებოდა ხოლმე ქარგვაში. გამოვიდა ისე, რომ ამას არ ვაკეთებდი გასაყიდად და დავინტერესდი ძველი ხევსურული პერანგების შესწავლით, ხევსურული ტალავარი რასაც ჰქვია. დღესაც, თუკი სადმე ოჯახში შევხვდები ძველ ნაქარგობას, აუცილებლად ვიღებ და ვიხაზავ, რომ ეს არ დაიკარგოს. ფერებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ამ ფერებსაც ვიცავ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი მიზანი არის ის, რომ ნამდვილად ხევსურული ნაქარგი რაც არის, თავისი ავთენტური სახით დარჩეს. არა მხოლოდ დარჩეს, არამედ შემოვიდეს ყოველდღიურობაში და ეს არ იყოს თუნდაც მხოლოდ სასცენო კოსტიუმზე დატანილი ორნამენტი. მინდა, რომ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ყველამ გაიგოს და ნახოს, რამდენად უნიკალური ხელოვნება გვაქვს, რომლითაც შეგვიძლია ყოველდღიურად გავალამაზოთ ჩვენი ტანსაცმელიც და აქსესუარებიც.
რამდენად რთული იყო ამ ტექნიკის შესწავლა იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ შრომატევადი საქმეა?
სხვათა შორის, თვითონ ხევსურულ ტალავარში, ძველად, ფასობდა ის, რომელიც იყო ძალიან წვრილად და აბრეშუმით ნაქარგი. რაც უფრო წვრილად და მეტი აბრეშუმის ნაქარგით იყო დაფარული ტანსაცმელი, მით უფრო ძვირად ფასობდა. დღემდე ასეა, თუ ადამიანს უნდა, რომ ნამდვილად ხევსურული ნაჭრელა შექმნას და ავთენტურთან მიახლოებულ ნაკეთობას მიაღწიოს - ეს უნდა იყოს ძალიან წვრილი, აბრეშუმით ნაქარგი, რადგან აბრეშუმი დიდ ხანს ინარჩუნებს ფერებს და ხარისხს. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. რომ შეხედავ, იტყვი, ნაქარგია, მაგრამ ორი სამი საათი შეიძლება მოანდომო ორი სანტიმეტრის სიგრძის ნაკეთობის შექმნას. მე, მაგალითად, მხოლოდ მოსამზადებელ პროცესს ვანდომებ ერთ ან ორ დღეს: ჯერ ვფიქრობ რა გავაკეთო. როგორც წესი, მინდა ხოლმე შევქმნა თანამედროვე აქსესუარი, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი. მერე ვიწყებ შერჩევას, თუ რომელი ორნამენტი მოუხდება. მერე ვიწყებ ფერების შერჩევას, მერე ძაფების გადმოლაგებას. ამ ყველაფერს რომ გავამზადებ, მერე იწყება ძალიან ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. თან არ უნდა შეგეშალოს არაფერი, თორემ მთელ შრომას ჩაყრი წყალში, ორნამენტი აბსოლუტურად დაკარგავს სიმეტრიას და სახეს. ამ მხრივ, სირთულე არის, თუმცა იმდენად პირადი ურთიერთობა მაქვს უკვე ამ საქმესთან, რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია.
თქვენთვის რასთან ასოცირდება ხევსურული ნაქარგი?
ჩემთვის ხევსურული ნაქარგი და ამ ნაქარგით გაწყობილი ტანსაცმელი თუ აქსესუარი ასოცირდება თავისუფლებასთან. როდესაც გაცვია, ან ატარებ ასეთი ნაქარგით დაფარულ სამოსს, ან აქსესუარს, ქუჩაში რომ დადიხარ სხვანაირი განწყობა გაქვს. მშვიდად ხარ, თავდაჯერებული ხარ, თავისუფალი ხარ, რადგან ატარებ წინაპრებისგან წამოსულ ძალიან საინტერესო და უნიკალურ ხელოვნებას.
გარდა იმისა, რომ გინდათ საყოველთაოდ პოპულარული გახდეს ეს ნაქარგი, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობის განვითარება და ბიზნესად გარდაქმნა?
მაქვს იდეა, რომ ამ ნაქარგის გამოყენებით შევქმნა სამკაული, განსხვავებული ტექნოლოგიით. ვფიქობ, რომ ძალიან საინტერესო გამოვა და ალბათ წარვადგენ ექსპო 2022-ზე რომელიც ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება. აქამდე ჩემს ნამუშევრებს არ ვყიდდი, ბიზნესის სახე არ ჰქონდა ჩემს საქმიანობას. პირველი ნაბიჯი გადავდგი წლევანდელ არტგენზე და იქაც ამ იდეით მივედი, რომ არ ვყიდდი და ყველას უკვირდა, რადგან მსურველი ბევრი იყო. ამ მიდგომასაც აქვს თავისი ახსნა - იმდენად შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია, რომ მიჭირს ხოლმე ვთქვა, რა ღირს ესა თუ ის ნაკეთობა. დროთა განმავლობაში, გამოფენებში მონაწილეობა ალბათ დამეხმარება, რომ უფრო კონკრეტული გეგმები გამოვძებნო და უფრო ცხადად დავისახო შემდეგი ნაბიჯები. სხვათა შორის, საქართველოს ბანკის და UNDP-ის პროგრამა გახდა ბიძგი, რამაც მიმახვედრა, რომ დადგა ეტაპი, როცა უნდა შევწყვიტო უბრალოდ ჩემთვის ქარგვა და სახლში, ვიტრინაში დალაგება. მივხვდი, რომ უკვე საჭიროა, ამ საქმემ მიიღოს ბიზნესის სახე, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ჯერჯერობით მაინც არ არის ისეთ ტემპში გადასული, რომ ბიზნესი ერქვას. თუმცა ამ პროგრამაში მონაწილეობამ დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ წავიყვანო ჩემი საყვარელი ხელსაქმე ნელ-ნელა იმ გზით, რომ საბოლოოდ ბიზნესის სახე მიეცეს.
რა მიზანი გაქვთ ამ გადასახედიდან? რას გინდათ რომ მიაღწიოთ ამ საქმიანობით?
იცით რა მინდა, რა არის ჩემი მიზანი? როგორც უკრაინელებს აქვთ ვიშივანკა ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული, ასე მინდა, რომ საქართველომაც გამოიყენოს ეს უნიკალური ტრადიცია და უძველესი ხელოვნება. მინდა, რომ ხევსურული ნაქარგიც იქცეს ჩვენს ეროვნულ სიმბოლოდ და ყველასთვის ასოცირდებოდეს იმასთან, რომ ეს ნაქარგი ეკუთვნის უძველეს კულტურას და ხალხს. მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით, იგივე ხარისხით მუშაობას და ქარგვას ვასწავლიდი ყველას, ვისაც ამის სურვილი, ენერგია და შემართება ეყოფა, რადგან ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. თუმცა, რაც უფრო მეტი ადამიანი გააკეთებს ხევსურულ ნაქარგს ავთენტური სახით, მით უკეთესი იქნება, რადგან ეს არ არის ადვილად ტირაჟირებადი და წარმოებაში ჩასაშვები პროდუქტი. ძალიან მინდა, რომ ხევსურული ნაქარგი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, არამედ უფრო ფართოდაც გავრცელდეს და იყოს წარმატებული ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე.