LIVE

"მულინე" - სიყვარულით შექმნილი აბრეშუმის შარფები

01 ოქტ 202215:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
"მულინე" - სიყვარულით შექმნილი აბრეშუმის შარფები

"მულინე" აბრეშუმის საქარგავი ძაფია - სწორედ ეს სახელი შეურჩია ნენე დავლიანიძემ აბრეშუმის ორიგინალური შარფების ბიზნესს, რომელიც მეგობართან ერთად წამოიწყო. შარფების არჩევანი მრავალფეროვანია - ქართული თემატიკიდან დაწყებული, თანამედროვე ელემენტებით დამთავრებული, თუმცა ერთი რამ ყველას საერთო აქვს - ხარისხი და ხასხასა ფერები. მართალია, "მულინეს" ისტორია შარფებით დაიწყო, თუმცა სხვა საინტერესო პროდუქციით გრძელდება. სამომავლო გეგმების მისაღწევად საჭირო ცოდნის მოპოვებაში დამწყებ მეწარმეს UNDP-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროგრამაში მონაწილეობა დაეხმარა.

როგორ დაიწყო „მულინეს“ ისტორია?

დიზაინერი ვარ და სხვადასხვა დროს მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო ჩვენებებში, თუმცა ყოველთვის მინდოდა რაღაც ჩემი მქონოდა და ისეთ ადამიანთან ერთად დამეწყო ეს საქმე, ვინც ჩემთან ძალიან ახლოს იქნებოდა. ამიტომ მე და ჩემი მეგობარი გავერთიანდით და დავიწყეთ ამ შარფების წარმოება. ყველაფერს გულით ვაკეთებთ და დიდი სიყვარულით. თითოეულ ნამუშევარზე ძალიან ბევრი გვაქვს ნაფიქრი, ძალიან ბევრ ესკიზს ვამზადებთ და მერე საუკეთესოს ვირჩევთ საბოლოო პროდუქტისთვის. ჩვენი შარფები არის აბრეშუმის, მაღალი ხარისხის და საქართველოში პირველები ვართ, ვინც ეკოლოგიურად სუფთა საღებავს იყენებს, რაც ძალიან მახარებს.

რატომ შარფები?

ყოველთვის მომწონდა შარფი, როგორც აქსესუარი - გინდ ყელსახვევის, გინდ თავსაბურავის სახით. მომწონდა, თუ როგორ იხდენენ ქალები შარფს სხვადასხვა დანიშნულებით. მეც ხშირად ვატარებ, განსაკუთრებით ჩანთის აქსესუარად. ზამთარში ქუდის ნაცვლად ფაქტობრივად სულ შარფი მაქვს თავსაბურავად. სწორედ ამიტომ, მინდოდა შემექმნა განსხვავებული, ლამაზი შარფები ყველანაირი გემოვნების ქალისთვის და ყველას ეტარებინა ჩვენი „მულინე“.

სახელის ინსპირაცია საიდან გაჩნდა?

ბევრს ვფიქრობდით, რა დაგვერქმია ჩვენი შარფებისთვის. გვინდოდა სახელი ახლოს ყოფილიყო აბრეშუმთან - ამიტომაც დავარქვით აბრეშუმის ძაფის, მულინეს სახელი.

ახლა რა ეტაპზეა თქვენი ბიზნესი?

დიდი ხანი არ არის, რაც ეს საქმიანობა დავიწყეთ, მაგრამ საკმაოდ წარმატებულად მივიწევთ წინ. ჩვენი შარფები უკვე ორ მაღაზიაში იყიდება. ახალი ამბავია ისიც, რომ მალე ამერიკაში გაიყიდება ჩვენი შარფები, მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ხშირად ვაგზავნით ევროპაშიც - ძირითადად უცხოელი მომხმარებელი გვიკვეთავს.

როგორც ვხედავ, ქართულ ორნამენტებსაც ხშირად იყენებთ, როგორ არჩევთ ვიზუალს?

მე მიყვარს სიახლეები და ყოველთვის ახალ-ახალ მიდგომებს ვიყენებ. ქართულ ორნამენტებს, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბევრმა ადამიანმა იცოდეს საქართველოს შესახებ, ამიტომ ქართული დეტალები ყოველთვის გვექნება. მათ შორის თამარ მეფეც, რომელიც ჩვენს შარფებში ცოტა გავათანამედროვეთ და ძლიან მიხარია, რომ ჩვენი შარფების დამსახურებით არაერთი უცხოელი მომხმარებელი იღებს ინფორმაციას, თუ ვინ იყო თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში. მიღმა ქართული დეტალებისა, ახალ-ახალ ვიზუალებსაც ხშირად ვქმნით. მე მომწონს მრავალფეროვნება და სიახლეები, ყოველთვის ახლის და განსხვავებულის ძიებაში ვარ.

რამდენად რთული იყო იდეის ბიზნესად ქცევა?

არ იყო რთული, რადგან გარკვეული გამოცდილება უკვე მქონდა დაგროვილი. სამხატვრო აკადემია დავამთავრე მოდის დიზაინის განხრით და ხშირად ვმონაწილეობდი ჩვენებებში. მქონდა საკუთარი ტანსაცმლის ხაზიც, რომელიც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მაღაზიებში. ასე რომ, არ გამიჭირდა ბიზნესის დაწყება ამაში ჩემი მეგობარიც ძალიან მეხმარება. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის და UNDP-ის პროგრამაც ძალიან დამეხმარა - ბევრი საინტერესო რამ გავიგე და ჩემი ბიზნესისთვის ძალიან სასარგებლო ცოდნა მივიღე.

რამდენად დიდ დროს უთმობთ „მულინეს“?

ვინაიდან გრაფიკული დიზაინერიც ვარ, ერთ-ერთ კომპანიაში, პარალელურად კერძო შეკვეთებზეც ვმუშაობ და „მულინესაც“ ვმართავ - ამ ყველაფრის შეთავსება ცოტა რთულია. თუმცა როცა შარფების ესკიზზე მუშაობას ვიწყებ, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს. მართალია ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ძალიან სასიამოვნო. ხშირად ისე მათენდება, რომ ორი ან სამი ესკიზი უკვე დასრულებული მაქვს და ეს პროცესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.

როგორ წარმოგიდგენიათ ბიზნესის შემდგომი განვითარება?

ძალიან გვინდა რომ ჩვენი მაღაზია გვქონდეს და ამისკენ ნელ-ნელა მივდივართ. ჩვენი ბრენდი იმდენად მალე განვთარდა, იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლების მხრიდან და იმდენად კარგად წარიმართა გაყიდვები - ვფიქრობ, მალე შევძლებთ ჩვენი მაღაზიის გახსნას. ბუნებრივია, ამისთვის ფინანსების მოძიება დაგვჭირდება. ნელ-ნელა ვამატებთ ახალ პროდუქციასაც - ახლა დავიწყეთ ჩვენი დიზაინით მაისურების დამზადება. გეგმაში გვაქვს სუფრების წარმოების დაწყებაც. ძალიან კარგი ხარისხის, ხავერდის სუფრებს შევთავაზებთ მომხმარებელს. ეს ინსპირაცია ბებიის სახლიდან გამიჩნდა, სადაც მრგვალ მაგიდაზე ჰქონდათ გადაფარებული ძალიან ლამაზი ხავერდის სუფრა გარშემო აბრეშუმის ფოჩებით. იმდენად ლამაზი იყო, ყოველთვის ძალიან მომწონდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენი სუფრაც, რომლის წარმოებასაც ახლა დავიწყებთ, მსგავსი  იყოს, უბრალოდ ქართული დეტალებით. მათ შორის, მაგალითად გვაქვს მოდელი, რომელზეც ქართული სადღეგრძელოებია დატანილი - ერთგვარი სახელმძღვანელოა, თუ ვინმეს შემთხვევით რომელიმე სადღეგრძელო დაავიწყდება.

რა დაგეხმარათ იმაში, რომ „მულინე“ ამ ეტაპამდე მოგეყვანათ?

შრომისმოყვარეობა. ძალიან მიყვარს შრომა და ყოველთვის ძალიან ბევრ დროს ვუთმობ საყვარელ საქმეს. ალბათ კრეატიულობაც მეხმარება წინსვლაში. ყველას ვურჩევდი, მიზანი დაისახონ და ბევრი იშრომონ ამ მიზნის მისაღწევად. როცა გინდა რომ რაღაც კარგი გამოვიდეს და ამისთვის ბევრს შრომობ, ყოველთვის გამოდის.