LIVE

მთავრობა ქონების გადასახადის მოდელს ცვლის, თუმცა ₾40 000-იან ზღვარს არა

31 ოქტ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 944
მთავრობა ქონების გადასახადის მოდელს ცვლის, თუმცა ₾40 000-იან ზღვარს არა

მთავრობა ქონების გადასახადის მოდერნიზებაზე მუშაობს. თუმცა კვლავ არ განიხილავს შესაძლებლობას, რომ შემოსავლის 40 ათას ლარიანი ზღვარი, რომლის ზემოთაც ფიზიკურ პირებს ამ გადასახადის გადახდა უწევთ, გაზარდოს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ცვლილებები ქონების შეფასების სისტემას შეეხება, რის შედეგადაც მოსალოდნელია, რომ ბიუჯეტში აღნიშნული გადასახადიდან მობილიზებული თანხები გაიზრდება, თუმცა არსებული ზღვრის გაზრდა არ იგეგმება.

„ქონების გადასახადის რეფორმაზე ვმუშაობთ, რისი მიზანიცაა, რომ ეკონომიკურად უფრო სწორი გადასახადი მივიღოთ, ეს ბიუჯეტში შემოსავლებსაც გაზრდის. თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან საჭირო იქნება, რომ მოქალაქეების მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება ხელახლა გადაფასდეს.

რაც შეეხება 40 ათას ლარიანი ზღვრის აწევას, ეს სწორი ნაბიჯი არ იქნება. ეს ზღვარი ითვალისწინებს იმას, რომ მაგალითად, თუკი ოჯახში ორი ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი 1400-1400 ლარია, ანუ დაახლოებით დღევანდელი საშუალო ხელფასის ტოლი, მათ არ უწევთ ამ გადასახადის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნული ზღვრის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დავუწესოთ შეღავათი, რაც არასწორი იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქონების გადასახადის 40 ათას ლარიანი ზღვრის აწევა აუცილებელია და ამ კომპონენტის გარეშე შესაბამისი რეფორმა ეფექტური ვერ იქნება. როგორც IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, მიხეილ კუკავამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, აღნიშნული ზღვარი მოძველებულია და არსებულ რეალობას ვეღარ პასუხობს.

„ქონების გადასახადი 2007 წელს დაწესდა, როდესაც საშუალო ხელფასი გაცილებით დაბალი იყო და მას შემდეგ არაერთი პარამეტრი შეიცვალა. მათ შორის გაიზარდა ხელფასები, გაუფასურდა ლარი, იზრდება ფასები და შესაბამისად 40 ათას ლარიანი ზღვარი უკვე არსებულ რეალობას აღარ შეესაბამება. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ გადასახადს არ ადეკლარირებს, სწორედ მსგავსი დაბალი ზღვარია. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც ძალიან რთულია და გამოდის, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მაინც არ შედის. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ზღვარი გადაიხედოს და გაიზარდოს“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.

ცნობისთვის, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა 1 ნოემბერს იწურება. აღნიშნული გადასახადის გადახდის ვალდებულება პირს იმ შემთხვევაში წარმოექმნება, თუკი ოჯახის საერთო წლიური შემოსავალი 40 ათას ლარს აჭარბებს. ქონების გადასახადით მათ შორის უძრავი ქონება და ავტომობილები იბეგრება. ამასთან, შემოსავლების ოდენობის მიუხედავად, ქონების გადასახადი მიწის ნაკვეთებზეც ვრცელდება.