
გლობალურად გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოშიც. აღნიშნულს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორისაა ახალი მანქანების წარმოების შემცირება და გაძვირება.
როგორც "კავკასიის ავტოიმპორტის" გაყიდვების მენეჯერი, ალექსანდრე ვეკუა "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს საერთაშორისო ტენდენციები პირდაპირ აისახება ადგილობრივ ბაზარზეც და შედეგად, მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა მინიმუმ გაორმაგებულია.
"ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი ის, რომ პანდემიისა და მისგან გამოწვეული მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ფონზე ზოგადად ძალიან გართულდა ახალი ავტომობილების წარმოება. გლობალურ ბაზარზე გაჩნდა დეფიციტი, რასაც სხვადასხვა მსხვილი კომპანიის სტატისტიკაც ადასტურებს. თავის მხრივ მიწოდების შემცირებამ გაზარდა ფასებიც და შედეგად მივიღეთ ასეთი მდგომარეობა - მაგალითად, მე რომ ახალი მანქანის ყიდვა გადავწყვიტო, მინიმუმ ნახევარი წელი შეიძლება რიგში დგომა მომიწიოს. ამას ემატება გაზრდილი ფასები. ამიტომ, მე, რომელსაც მეორადი ავტომობილი მყავს და ახალს ვერ ვყიდულობ, მივდივარ ისევ მეორადი ავტომობილების ბაზარზე და საკუთარს ოდნავ უკეთესში ვცვლი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ახალ მანქანებზე მოთხოვნის გარკვეული ნაწილი ავტომატურად გადმოვიდა მეორად ბაზარზე. გარდა ამისა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ავტომობილების წარმოება რუსეთში ფაქტობრივად შეწყდა, თუმცა მოთხოვნა ხომ არ დაიკარგებოდა?!, იმათი მოთხოვნაც გადმოდის მეორად ავტობაზარზე, საქართველოს შემთხვევაში სხვა ქვეყნების გავლით", - აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა.
მისივე თქმით, ამ მოცემულობის ფონზე სულ უფრო იზრდება ფასებიც და ეს ტენდენცია სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება.
"ფასები მუდმივად მზარდია. მით უმეტეს, საქართველო მეორადი ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი რეგიონული მიმწოდებელია, ამიტომ ჩვენზე დიდი დატვირთვა მოდის. ამ დროისთვის მეორადი ავტომობილები მინიმუმ 30%-ითაა გაძვირებული და ფასის ზრდის ტენდენცია სავარაუდოდ შენარჩუნდება", - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.
"საქსტატის" მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 606 მლნ. დოლარს გადააჭარბა და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. ზუსტი რიცხვი, თუ რა წილი უჭირავს ამ მონაცემებში მეორად ავტომობილებს უცნობია, მაგრამ როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ 70%-ზე მეტს ბაზარზე სწორედ ასეთი ტიპის მანქანები შეადგენენ.
ცნობისთვის, უკრაინაში დაწყებულ ომის შემდეგ გლობალურად დაჩქარებული ინფლაციის, ასევე გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, ახალი ავტომობილების წარმოება თითქმის ყველა მსხვილმა კომპანიამ შეამცირა. მათ შორისაა, Toyota, Honda, Suzuk, Nissan. მაგალითად, Jaguar Land Rover-მა წარმოების შემცირების გამო, ბოლო თვეებში 445 მილიონი ფუნტი სტერლინგის ზარალი ნახა. ხოლო Toyota-მ მიმდინარე წლის გეგმა 50 ათასი ავტომობილით შეამცირა. ამ რეალობის პარალელურად კი, მსოფლიოში, მეორადი ავტომობილებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62%-ითაა გაზრდილი.