LIVE

დოგო - არგენტინული დოგის სახელობის ქართული სასუსნავი ძაღლებისთვის

25 სექ 202219:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 574
დოგო - არგენტინული დოგის სახელობის ქართული სასუსნავი ძაღლებისთვის

მაიკო ჩიტაიამ ძაღლებისთვის განკუთვნილი სასუსნავის "დოგოს" შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხორცისგან დამზადებულმა ნატურალურმა პროდუქტმა მის სახლში მცხოვრები ოთხფეხა მეგობრების საერთო მოწონება დაიმსახურა. UNDP-ისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ პროგრამაში ჩართვის შემდეგ, დამწყებმა მეწარმემ იდეა კიდევ უფრო მეტად დახვეწა და ახლა ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ძაღლის სნექების ჩასანაცვლებლად ემზადება. აქვს სხვა, უფრო მასშტაბური გეგმებიც.

როგორ შეიქმნა „დოგო“?

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემმა შვილმა მოიყვანა ძაღლი, არგენტინული დოგი, იგივე დოგო არგენტინო. მისი ჯიში შემდეგ საფუძვლად დაედო ამ სნექის სახელწოდებას. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა და ამის შემდეგ განსაკუთრებულად დავიწყე სწავლა ძაღლის შესახებ ყველაფრის: როგორ უნდა ეკვება, რა იყო მისთვის წამახალისებელი აქტივობები და ა.შ.  ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ ბაზარი გაჯერებულია ძირითადად რუსეთიდან შემოსული პროდუქციით, მათ შორის სნექებითაც. სულ მქონდა ეს შეკითხვა საკუთარ თავთან, რატომ არ შეიძლება საქართველოში აწარმოო ის, რაც ახლა სხვა ქვეყნებიდან შემოდის. Youtube-ზე ვნახე როგორ შეიძლება ამ სნექების მომზადება და სხვათა შორის, რამდენიმე ცდის შემდეგ გამომივიდა. ამან საბოლოო ჯამში ისეთი სახე მიიღო, რომ ჩემს ძაღლს ძალიან მოეწონა. არა მარტო მას მოეწონა, არამედ მოეწონა ჩემს კატასაც და არა მარტო მას, მეც მომეწონა, რადგან ძალიან ჯანსაღი და კარგი პროდუქტია, მხოლოდ ერთი ინგრენდიენტით მაქვს დამზადებული. შემდეგ ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ ვაქციო, რადგან გარშემო ძალიან მომრავლდნენ ადამიანები, ვისაც ძაღლი ჰყავს. ამიტომ, გადავწყვიტე მათ შევთავაზო ეს პროდუქტი. ამ ეტაპზე, გვაქვს ორი ტიპის შეფუთვა - ქათმის სასუსნავი და საქონლის მიქსი. ჩემი მეგობარი სოფო, რომელიც დიზაინერია დამეხმარა ამ შეფუთვის ვიზუალის შექმნაში და სწორედ ახლა ვაპირებთ ჩავუშვათ. სავარაუდოდ, გავყიდით სოციალური ქსელებით და მერე შევხედავთ, თუ იქნება დაინტერესება, მაღაზიებშიც შევიტანთ.

რა გაფიქრებინებთ, რომ მომხმარებელი თქვენს პროდუქტს მიანიჭებს უპირატესობას?

პირველ რიგში, ეს იქნება კონკურენტუნარიანი ფასი. მეორე, ეს პროდუქტი აბსოლუტურად არანაირ კონსერვანტს არ შეიცავს, რაც ძაღლის პატრონებისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტია, თუ რატომ უნდა იყიდოს ის, რადგან ძალიან ხშირია სწორედ სნექებიდან მოწამვლის ან სხვადასხვა დაავადების წარმოშობის შემთხვევები. გარდა ამისა, ეს იქნება ქართული პროდუქტი, ეს შეფუთვაზეც მითითებული გვაქვს და მომხმარებლებს, გარკვეულწილად, სოციალური პასუხისმგებლობაც გააჩნიათ ხოლმე. ეს პასუხისმგებლობა, რომ ქართულ პროდუქტს მიანიჭონ უპირატესობა, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აქვთ ხოლმე აყვანილი იმ ადამიანებს, ვისაც ცხოველები უყვართ. გარდა ამისა, ჩვენ გვინდა დოგოს გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის გარკვეული ნაწილი წავიდეს მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობაზე, რადგან ჩვენ თვითონაც, დიდი ხანია, ძაღლების შემფარებლები ვართ.

რამდენად რთულია იდეის ბიზნესად ქცევა და პროდუქტის ნულიდან შექმნა?  

საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება და დაშვება იმის, რომ რაღაც, რაც შენი ჰობია ან აკეთებ სახლში, აქციო ბიზნესად. თუმცა, როგორც კი დაუშვებ ცნობიერების დონეზე, რომ ეს შესაძლებელია, მერე პროცესები მიდის უფრო მარტივად. მართალია, ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსების მოძიებასთან, კონტაქტებთან, დიზაინის შექმნასთან. მე უბრალოდ ძალიან გამიმართლა, რომ სოფო ჩემი მეგობარია და დიზაინში დამეხმარა. ისიც ძაღლების მოყვარულია და ორივეს ძალიან კარგად შეგვიძლია სოციალურ ქსელში გავიტანოთ ეს პროდუქტი იმის გათვალისწინებით, რომ მე კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ, სოფო დიზაინერია, რომელსაც ბევრი აქტიური ფოლოვერი ჰყავს. რაც შეეხება შემდგომ განვითარებას, რომ აქციო შენი იდეა მოცულობით პროდუქტად მიწოდების უწყვეტი ჯაჭვით, ამას, რა თქმა უნდა, სერიოზული ძალისხმევა სჭირდება და ჩემი შემდგომი ნაბიჯები ალბათ სწორედ ის იქნება, რომ გარკვეული გრანტების კონკურსში ჩავერთო და მოვიძიო ის საჭირო ტექნიკური რესურსი, რომელიც მომცემს ერთ ჯერზე ბევრი პროდუქტის მომზადების საშუალებას.

რა უნარები გეხმარებათ ამ პროცესში განსაკუთრებით? როგორ ახერხებთ მათ განვითარებას? 

გაეროს დაფინანსებით და ხელშეწყობით გავიარეთ ინტენსიური კურსი, რომელიც იწყებოდა ფინანსებით, გრძელდებოდა მარკეტინგით და კომუნიკაციით, სრულდებოდა ექსპორტის შესახებ ინფორმაციით. საკმაოდ საინტერესო იყო. მე პირადად, და ალბათ ყველას, ვინც ბიზნესს იწყებს, გვაქვს შიში გადასახადებთან დაკავშირებით. კარგად უნდა ერკვეოდე რომელი სტატუსით დარეგისტრირდე, რომელია უფრო მისაღები - შპს თუ ინდივიდუალური მეწარმეობა. ამ ყველაფერში, ეს პროგრამა ძალიან დამეხმარა, თუმცა, რა თქმა უნდა, სასწავლი კიდევ ძალიან ბევრია. საქართველოს ბანკის ონლაინ ტრენინგებიც ძალიან საინტერესოა, მათთვის ვისაც წვდომა არ აქვს პირისპირ ტრენინგებთან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ერთი მხრივ ცოდნას გაძლევს ტრენინგები, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც პრაქტიკაში იძენ იმ ცოდნას და საჭირო ინფორმაციას, რომელიც განვითარებაში გეხმარება. გარდა ამისა, პროცესში ბაზრის მოთხოვნებსაც გარკვეულწილად უნდა მოერგო. მაგალითად, ჩვენი სნექები ამ ფორმის იმიტომ შეიქმნა, რომ პრაქტიკულია და შენ თვითონ საზღვრავ რამდენი მოუტეხო შენს ძაღლს, ცოტა თუ ბევრი. გააჩნია, როგორ გინდა დააჯილდოვო. შესაძლოა, მომხმარებლებისთვის ეს არ იყოს კომფორტული და მოითხოვოს უფრო მეტად დანაწევრებული პროდუქტი, ამისთვისაც მზად ვარ. გარდა ამისა, სულ ვადევნებ თვალს საზღვარგარეთის ბაზრებზე რა ტენდენციებია, როგორ კეთდება სნექები - ახლახანს შევიძინე სნექის გასაკეთებელი აპარატი სპეციალურად იმ მიზნით, რომ ესეც მოვსინჯო. ამ მოწყობილობით შეგიძლია გატარებული ხორცისგან დაამზადო სხვადასხვა ფორმის სნექები. 

როგორ წარმოგიდგენიათ "დოგოს" განვითარების შემდეგი ეტაპი?

ახლა სნექებს სულად მე ვამზადებ. ხორცის ყიდვიდან დაწყებული, დამთავრებული იმით, თუ რა ტიპის ნაჭრებად იჭრება, როგორ ხდება მათი გამოშრობა და დაფასოება. ახლა ჯერ სტარტაპი ვართ, ვფიქრობთ ახალ გემოებზე და რეცეპტებზე, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შედეგად მივიღებ კარკვეულ რესურსებს, შევეცდები ბიზნეს სესხზეც ვიფიქრო და უკვე ამის შემდეგ, საწარმოს სახე მივცე ამ საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ბაზარი გაჯერდეს ადგილობრივი პროდუქციით. ფასების ცვლილება, მაღალი ფასები, პროდუქტის ხარისხი - ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში პრობლემატურია სწორედ იმიტომ, რომ პროდუქტების უმეტესობა არის იმპორტირებული. ფასით აუცილებლად გავუწევთ კონკურენციას იმპორტირებულს, რადგან მე რა სნექებიც მაქვს ნანახი, იმაზე დაახლოებით 1-1,5 ლარით ნაკლები შეიძლება ღირდეს ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქტი.

თქვენი საბოლოო და სასურველი მიზანი რა არის? 

პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის გაჯერება და ის, რომ "დოგო" გახდეს მოთხოვნადი პროდუქტი. მეორე - ალბათ, როგორც ყველა მეწარმისთვის, ჩემთვისაც საოცნებო რეალობაა პროდუქტის ექსპორტზე გატანა. თუნდაც მეზობელ ქვეყნებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვაში. უკრაინაშიც - რა თქმა უნდა. სამომავლოდ, როცა უკვე საწარმო შეიქმნება, იქ ადამიანებსაც დავასაქმებთ, ოღონდ აუცილებელი წინაპირობა იქნება ცხოველების სიყვარული. ადგილიც შერჩეული გვაქვს, ალბათ ანანურში აგარაკზე გავაკეთებთ ამ საწარმოს და მას უკვე ექნება პოტენციალი, მომხმარებელთა უფრო ფართო წრეს მიაწვდინოს "დოგო".