LIVE

სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა - ISET

27 ოქტ 202217:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 610
სექტემბერში მომხმარებელთა განწყობის ინდექსი დაეცა - ISET

სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით მომხმარებელთა განწყობის ინდექსი შემცირდა და -24.1 პუნქტამდე დაეცა.

ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსის თანახმად, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრისას, გამოკითხული მოსახლეობის 35.9% აცხადებს, რომ ვალებს იღებს, 48.6%-ის თქმით კი შემოსავალი ზუსტად ყოფნის.

კვლევის მიხედვით, 38.9%-სთვის მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვის განმავლობაში არ შეცვლილა.

კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეების დიდი რაოდენობა უახლოეს ერთ წელში ვითარების გაუმჯობესებას არ ელის. კერძოდ, 39.5% თვლის, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იგივე იქნება.

გამოკითხულთა 35.4%-ის თქმით, საქართველოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სიტუაცია უცვლელია, 31.4% კი ფიქრობს, რომ საგრძნობლად გაუარესდა.

მოქალაქეების 27.6%-ის თქმით, მომდევნო 12 თვის მანძილზე ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩება. 23%-ის აზრით ოდნავ გაუარესდება, 16.2% კი ფიქრობს, რომ საგრძნობლად გაუარესდება.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 34.6% აცხადებს, რომ საქართველოში, ბოლო ერთ წელში ფასები საგრძნობლად გაიზარდა. რაც შეეხება მოლოდინებს, ის შედარებით ოპტიმისტურია. 35.1% მიიჩნევს, რომ გასულ 12 თვესთან შედარებით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ფასები ნაკლები ტემპით გაიზრდება, 32.2%-ის აზრით კი იგივე დარჩება.

მომხმარებელთა განწყობის ინდექსის მიხედვით, გამოკითხულთა 51.6% მიიჩნევს, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი იგივე იქნება.

კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა განწყობის ორი ქვეინდექსი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი 0.8 პუნქტით შემცირდა, ხოლო მოლოდინების ინდექსი 0.3 პუნქტით გაიზარდა.  

„ყველაზე ნეგატიური ტენდენცია ჰქონდა მომხმარებელთა მოლოდინებს ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც 9 პუნქტით შემცირდა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა ზაფხულის განმავლობაში, რაც დაკავშირებული იყო თვიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებასთან, ლარის გამყარებასა და საწვავის ფასების მცირე ვარდნასთან. სექტემბერში კი ინფლაცია ზრდას დაუბრუნდა, აგვისტოს ბოლოდან ლარმა გაუფასურება დაიწყო, რითაც შესაძლოა, ფასების სტაბილურობაზე მოლოდინების შემცირება აიხსნას. ასევე, მოსახლეობის მოლოდინი ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებისადმი 6 პუნქტით დაეცა. ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ივლისში და, რასაც ახლა ვხედავთ, სავარაუდოდ, ზაფხულში საერთაშორისო ვიზიტებისა და ექსპორტის პიკის შემდგომი დაკორექტირებაა.

რაც შეეხება ინდექსში ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის მოლოდინი დასაქმების დონესთან დაკავშირებით და შესაბამისი მაჩვენებელი ინდექსის 20 პუნქტით გაუმჯობესდა, რამაც მოლოდინების ინდექსის ზოგადი ტენდენციების დადებითისკენ გადახრა განაპირობა“, - აღნიშნულია ISET-ის მომხმარებელთა განწყობის ინდექსში.

კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა განწყობის ინდექსი თბილისის მოსახლეობისთვის არ შეცვლილა, რეგიონების მაცხოვრებელთა შემთხვევაში კი ინდექსი 0.3 პუნქტით შემცირდა.

მომავალში ფასების ცვლილებისადმი ნეგატიური მოლოდინი ძირითადად რეგიონების მოსახლეობაშია (17%-ით დაეცა). თბილისის შემთხვევაში ეს მოლოდინი თითქმის უცვლელია (1%-ით შემცირდა).