LIVE

ავტოიმპორტიორები დაშლისთვის განკუთვნილი მანქანის განბაჟებას წონის მიხედვით ითხოვენ

27 ოქტ 202215:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 1638
ავტოიმპორტიორები დაშლისთვის განკუთვნილი მანქანის განბაჟებას წონის მიხედვით ითხოვენ

ბიზნესი ავტობაზარზე ახალი რეგულაციის ამოქმედებას ითხოვს. საუბარია დაშლისთვის განკუთვნილი მანქანის განბაჟებაზე წონის მიხედვით. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა და უახლოეს დღეებში დოკუმენტს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია პარლამენტში წარადგენს. 

უფრო ზუსტად, საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება საბაჟო ტერმინალიდან გამოყვანილი მეორადი ავტომობილის ორ სავალდებულო კატეგორიად დაყოფას მოიცავს. შედეგად, ავტომფლობელმა 90 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თავისი მანქანა განბაჟების შემდეგაც დარჩეს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება, თუ ნაწილებად დაიშალოს.

როგორც "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, პირველ შემთხვევაში დღეს მოქმედი განბაჟების ტარიფი იმოქმედებს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ავტონაწილები წონის მიხედვით განბაჟდება და ტარიფიც შემცირდება.

"ჩვენი ინიციატივაა, რომ ნებისმიერი მეორადი ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში თავის დროზე განუბაჟებლად შემოვიდა, მასზე მფლობელმა გადაწყვიტოს  მანქანა დარჩეს როგორც გადაადგილების საშუალება, თუ ნაწილებად დაიშალოს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში მისი განბაჟება გაცილებით ნაკლები დაჯდება, როგორც ე.წ. ცხვირების განბაჟების ტარიფია. მსგავსი ცვლილების ამოქმედება აუცილებელია, რადგან ბაზარზე დღეს სხვადასხვა უკანონო ფორმა მოქმედებს, ჩვენ კი ვცდილობთ პროცესები ისე წავიყვანოთ, რომ ბიუჯეტში ფულიც შევიდეს და ამავე დროს ბიზნესსაც მივცეთ ეკონომიკური სტიმული, რომ კანონიერად იმოქმედოს, რათა არ უღირდეს უკანონო ქმედების ჩადენა", - აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

მიღმა ბაზარზე შედარებით კონკურენტული პირობების განვითარებისა, ავტოიმპორტიორების შეფასებით, ახალი რეგულაცია პირდაპირ აისახება ფასებზეც. მათ შორის, "კავკასუს ავტოიმპორტის" გაყიდვების დირექტორის ალექსანდრე ვეკუას თქმით, ავტონაწილები ბევრად ხელმისაწვდომი გახდება და ეს საბოლოო პროდუქტსაც გააიაფებს.

"ასეთი რეგულაცია თუ ამოქმედდა, ყველა შემთხვევაში ბაზარზე ავტონაწილების დეფიციტი აღარ იქნება, რადგან გაიზრდება მათზე ხელმისაწვდომობა. ეს ჯაჭვური რეაქციის პრინციპით გადაეცემა საბოლოო პროდუქტის ღირებულებასაც და შედეგად გაიაფდება მეორადი ავტომობილიც. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მანქანების ფასი საშუალოდ 15-დან 25%-მდე შემცირდება",- აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა. 

"​საქსტატის" მიხედვით, 2022 წლის პირველ ნახევარში ​მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 606 მლნ. დოლარს გადააჭარბა და მთელი იმპორტის 10.3 პროცენტი შეადგინა. ზუსტი რიცხვი, თუ რა წილი უჭირავს ამ მონაცემებში მეორად ავტომობილებს უცნობია, მაგრამ როგორც ავტოიმპორტიორები ამბობენ 70%-ზე მეტს ბაზარზე სწორედ ასეთი ტიპის მანქანები შეადგენენ. 

ქვეყნის უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია.

ცნობისთვის,  უკრაინაში დაწყებულ ომის შემდეგ გლობალურად დაჩქარებული ინფლაციის, ასევე გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო მეორადი ავტომობილებზე მოთხოვნა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მსოფლიოში 62%-ითაა გაზრდილი. მზარდია ფასებიც, საერთაშორისო ტენდენციები კი საქართველოზეც პირდაპირ აისახება.