
პანდემიის დაწყების შემდეგ, Twitter-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი "აბსოლუტურ ვარდნაშია".
Twitter-ის მკვლევარი შიდა დოკუმენტში, სახელწოდებით, "სად წავიდნენ აქტიური მომხმარებლები", წერს, რომ ე.წ. აქტიური მომხმარებლები ყოველთვიური საერთო მომხმარებლების 10%-ს შეადგენენ, თუმცა ტვიტების 90%-ს და გლობალური შემოსავლის ნახევარს აგენერირებენ.
აქტიურ მომხმარებლად განისაზღვრება მომხმარებელი, რომელიც ქსელში კვირაში ექვსი ან შვიდი დღის განმავლობაში შედის და 3-4 ტვიტს აქვეყნებს.
ილონ მასკი გავლენიანი აქტიური მომხმარებლების შემცირებულ აქტივობაზე ჯერ კიდევ აპრილში, პლატფორმის შეძენის სურვილის გამოთქვამდე რამდენიმე დღით ადრე წერდა. შიდა დოკუმენტი აჩვენებს, რომ პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ცნობილი პირების მიერ სოციალურ ქსელში შემცირებული აქტივობა.
Most of these “top” accounts tweet rarely and post very little content.
Is Twitter dying? https://t.co/lj9rRXfDHE
აღმოჩნდა, რომ Twitter-ის ყველაზე აქტიურ ინგლისურენოვან მომხმარებლებში შეცვლილია ინტერესის სფეროებიც, რამაც შეიძლება პლატფორმა რეკლამის განმთავსებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახადოს.
ინგლისურენოვან აქტიურ მომხმარებლებში იზრდება ინტერესი კრიპტოვალუტისა და "სამუშაოსთვის შეუფერებელი" კონტენტის მიმართ. ამავდროულად, ამ მომხმარებლებში იკლებს ინტერესი ახალი ამბების, სპორტისა და გართობის მიმართ.
მე-4 კვარტალში პლატფორმამ უფრო მეტი შემოსავალი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვიდრე ყველა სხვა ბაზრიდან ერთად.
შიდა დოკუმენტების დასკვნებზე კომენტარის გაკეთებისას, Twitter-ის სპიკერმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ, ტენდენციებზე დაკვირვება რეგულარულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, პლატფორმის საერთო აუდიტორია იზრდება და ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 2022 წლის მეორე კვარტალში 238 მილიონს მიაღწია.