LIVE

ევროკავშირის მოთხოვნით, Apple დამტენს შეცვლის და USB-C პორტზე გადავა

26 ოქტ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 635
ევროკავშირის მოთხოვნით, Apple დამტენს შეცვლის და USB-C პორტზე გადავა

Apple დაემორჩილება ევროკავშირის მოთხოვნას iPhone-ისთვის USB-C დამტენის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა გრეგ ჯოსვიაკმა განაცხადა

მას არ დაუკონკრეტებია, როდის ჩაანაცვლებს iPhone-ის Lightning პორტს USB-C დამტენი პორტი.

ჯოსვიაკმა აღნიშნა, რომ Apple-სა და ევროკავშირს დამტენის საკითხზე უთანხმოება წლების განმავლობაში ჰქონდათ. მან ასევე გაიხსენა, რომ ევროპელ ლიდერებს სურდათ, Apple Micro-USB პორტის გამოყენებაზე გადასულიყო. კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს ხელს შეუშლიდა განვითარებას და ამ შემთხვევაში, არც iPhone-ის მოქმედი Lightning პორტი და არც საყოველთაოდ გავრცელებული USB-C იარსებებდა. 

ამ თვის დასაწყისში ევროპარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებს ტელეფონებზე, პლანშეტებსა და კამერებზე მხოლოდ USB-C დამტენი პორტების გამოყენების უფლებას აძლევს. 

ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივით, 2024 წლის შემოდგომისთვის ევროპაში გაყიდული ყველა ტელეფონი და პლანშეტი ახალ მოთხოვნას უნდა შეესაბამებოდეს. ლეპტოპების შემთხვევაში, ახალ წესზე გადასასვლელად მეტი დრო გამოიყოფა. 

გადაწყვეტილების მიზანი ეკოლოგიისთვის ნაკლები ზიანის მიყენება და მომხმარებლების ხარჯის დაზოგვაა. ევროკომისიის მონაცემებით, გადაწყვეტილება მომხმარებლებს ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონი ევროს დაზოგვაში დაეხმარება.