LIVE

შრომის კოდექსთან დაკავშირებით ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინება არ იგეგმება - ფერაძე

24 ოქტ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
შრომის კოდექსთან დაკავშირებით ბიზნესის მოთხოვნების გათვალისწინება არ იგეგმება - ფერაძე

"შრომის ინსპექცია" კერძო სექტორის მოთხოვნებს, შეიცვალოს ან შერბილდეს შრომის კოდექსის ნორმები, არ განიხილავს. 

როგორც უწყების ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე "ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებს, ნებისმიერი კომპანია ვალდებულია, ევროდირექტივით გათვალისწინებული ნორმები დაიცვას.

"ყველა კომპანიას, იქნება ეს მომსახურების სფერო თუ მძიმე მრეწველობის ობიექტი, ვალდებულება აქვს, უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს. იმ ფონზე, როდესაც, განსაკუთრებით, მომსახურების სექტორში ინციდენტების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია, რეკომენდაციებისა და მოთხოვნების გათვალისწინება, არ განიხილება",- აცხადებს "შრომის ინსპექციის" ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე.

როგორც ბექა ფერაძე ამბობს, ერთადერთი, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო იმსჯელებს, ე.წ. ტაბელით თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვიანობაა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიმდინარე კვირას მიიღება.

"რაც შეეხება ტაბელებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომელსაც ბიზნესი აქტიურად აყენებს. ჩვენ მიმდინარე კვირას სამმხრივი კომისიის სხდომაზე განვიხილავთ ამ საკითხს, იმსჯელებს კომისია და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იქნება გადაწყვეტილება მიღებული",- აცხადებს ბექა ფერაძე.

ბიზნესი შრომის კოდექსში შესული ცვლილებების გადახედვას რამდენიმე თვეა ითხოვს. კერძო სექტორს სურს, დასაქმებულების აღრიცხვის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების სავალდებულო ყოლისა და სამუშაოდან გათავისუფლების პრაქტიკები შეიცვალოს.