LIVE

ფარეხი - ნაქსოვი ქუდების ბრენდი, რომელიც დიდ იდეას ატარებს

15 ოქტ 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
ფარეხი - ნაქსოვი ქუდების ბრენდი, რომელიც დიდ იდეას ატარებს

ნინო გეგელაშვილმა ხელნაკეთი ფერადი ქუდების ქსოვა თანამოაზრეებთან ერთად იმ მიზნით წამოიწყო, რათა საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ყველაფრის დაწყება შეიძლება ნულიდან ისე, რომ გაამართლოს და შემოსავლის წყაროდ იქცეს.  მართლაც, იდეამ გაამართლა. ნინოსთვის, რომელიც მხატვარია, შემდეგი ნაბიჯი ამ იდეისგან აღმოცენებული ბიზნესის განვითარებაა იმისთვის, რომ აკეთოს ის, რაც უყვარს და იაროს იმ მიმართულებით, სადამდეც მისი გონება და შემოქმედება მიიყვანს. ამ  შესაძლებლობის რეალისტურობაში დამწყები მრწარმე საქართველოს ბანკის და UNDP-ის პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ცოდნამაც  დაარწმუნა.

საიდან გაჩნდა ქუდების შექმნის იდეა?

ყველაფერი კარანტინის დროს დაიწყო და ისე მოხდა, რომ მერე ამ სივრცეში, "ხედზე" განვითარდა. მერე გადავინაცვლეთ გარაჟში, სადაც გვქონდა სახელოსნო და აქედან მოდის სახელიც - ფარეხი, გარაჟის ქართული სახელწოდება. ასე ჰქვია ჩვენს ქუდებსაც. "ფარეხი" - ეს არის ქუდების ონლაინ მაღაზია, რომელიც იქსოვება ჩემს მიერ, ხელით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი "ფარეხის" ისტორიაში არის ის, რომ ეს არ არის მხოლოდ ქუდები - ეს არის იდეა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იყო, შეგიძლია ნულიდან დაიწყო იმის კეთება, რისი კეთებაც ნამდვილად გინდა. 

თქვენც ასე დაიწყეთ?

მე ასე დავიწყე. დავიწყე ნული ბიუჯეტით. მახსოვს, კარანტინი იყო და არაფერი არ გვქონდა იმისთვის, რომ რამე გაგვეკეთებინა, ჩვენი შემოსავლის წყარო გვქონოდა. სწორედ ეს იყო იდეა ამ ყველაფრის დაწყების- დავიწყეთ მოკითხვა ჯგუფებში, ხომ არ ჰქონდა ვინმეს მორჩენილი ძაფები, რომლებიც აღარ სჭირდებოდ და შეეძლო მოეცა ჩვენთვის. ასე შევაგროვეთ მასალა და დავიწყეთ, ნულიდან.

რატომ ქუდები?

ერთი პერიოდი ძალიან მაინტერესებდა ქსოვა და ვისწავლე. ქუდების შექმნის იდეა ჩემი იყო და სიმართლე გითხრათ, ეს იყო გამოხატვის ფორმა. რწმენა იმის, რომ რაღაცის კეთება შეგვიძლია. თავიდან ჩემს დასთან ერთად ვქმნიდი ამ ქუდებს. ეს გავაკეთეთ ჩვენი თავისთვის, იმის დასამტკიცებლად, რომ შეგვეძლო რაღაც ჩვენ თვითონ გვეკეთებინა და ჩვენი შემოსავალი გვქონოდა.

როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ ამ მიზანს?

ახლა, რადგან თქვენ აქ ხართ, ვფიქრობ, შევძელი და მოგაწვდინეთ ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით ნულიდან შეგვექმნა რაღაც. ეს ადასტურებს, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია დაიწყო იმის კეთება, რაც გინდა და შეძლებ იქამდე მიხვიდე, სადამდეც შენი გული და გონება გასწვდება. ეს ქუდები სწორედ ამ იდეას ატარებს და მისი მომხმარებლებიც ის ადამიანები არიან, ვინც ამ იდეაში მოგვყვებიან. ჩვენი ქუდები ამჟამად ორ სივრცეში იყიდება - კონცეპტ არეაში და ლუმოსის შოპში. 

როგორ წარმოგიდგენიათ ფარეხის შემდგომი განვითარება? რამდენად დაგეხმარებათ ამ პროცესში საქართველოს ბანკის“ და UNDP-ის მეწარმე ქალთა პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა?

ამ პროგრამაში მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ ჩვენმა იდეამ გაამართლა და შეიძლება მისი განვითარება. აქ მიღებულმა ცოდნამ დამანახა, რომ მართლაც შეიძლება აკეთო ის რაც გიყვარს და ეს აქციო შენი შემოსავლის წყაროდ ისე, რომ არ იმუშაო კონკრეტულ სამუშაო ადგილზე. არ არის გამორიცხული, მომავალში „ფარეხი“ იყოს არა მხოლოდ ქუდების ბრენდი, არამედ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებიც დაემატოს. ბოლო დროს საცხოვრებლად ბათუმში გადავედი და ვფიქრობ, ბათუმშიც შევიტანოთ ეს ქუდები სხვადასხვა სივრცეში. ასევე, სამომავლოდ, შესაძლოა მხოლოდ მე აღარ ვქმნიდე ამ ქუდებს და რამდენიმე ადამიანი ვიყოთ ამაში ჩართული. საბოლოო მიზანი ალბათ ის არის, რომ, ავიღოთ ფართი, სადაც "ფარეხს" ექნება საკუთარი შოპი და იქ გააგრძელებს თავის ისტორიას. მე მხატვარი ვარ და შეგრძნებებით ვმოქმედებ. საითაც გული და გონება მიმიწევს, იქით მივდივარ. ამ შემთხვევაშიც, სადაც მიგვიყვანს ჩვენი მამოძრავებელი ძალა, იმ გამოხატვის ფორმებს მივმართავთ.