LIVE

სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ტენდერის პირობების შეცვლას ითხოვენ

17 ოქტ 202215:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო ტენდერის პირობების შეცვლას ითხოვენ

6-მა მსხვილმა სადაზღვევო ჯგუფმა ოფიციალური წერილით მიმართა შესყიდვების სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს და აუდიტის სამსახურს.

კომპანიები ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებიდან საკვები დანამატებისა და არა რეგისტრირებული მედიკამენტების ამოღებას ითხოვენ. საქმე ეხება საჯარო სამსახურებში დასაქმებულ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის განსხვავებული პირობებით სარგებლობენ და ზოგიერთ შემთხვევაში საკვები დანამატები და არა რეგისტრირებული მედიკამენტებიც უფინანსდებათ. 

სადაზღვევო კომპანიების განმარტებით, ისეთი უწყებები, როგორებიცაა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, პარლამენტის აპარატი, საქართველოს ფოსტა და სხვა, გამოცხადებულ ტენდერებში დებენ ისეთ სადაზღვევო პირობებს, რომლებიც ერთი მხრივ, ხარჯებს უზრდის თავად კომპანიებს, რაც მათ მოგებას ამცირებს, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად აწვება ქვეყნის ბიუჯეტს.

"თუ ჩვენ შეთავაზებულ ინიციატივას გაითვალისწინებენ, ჩვენი მხრიდან შესაძლებლობა გვექნება, რომ დაზღვევის ლიმიტები გავზარდოთ ისეთ ტიპის მომსახურებებზე როგორიცაა, ჰოსპიტალიზაცია, ონკოლოგია. ამასთან, შევძლებთ, რომ დაზღვევა ფინანსურადაც უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას თინათინ სტამბოლიშვილი, "ჯი პი აი" ჰოლდინგის კომუნიკაციების დირექტორი. 

თავის მხრივ, სადაზღვევო ჯგუფების ნაწილის პოზიციით, ეფექტური გამოსავალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურისთვის თავიდანვე დადგინდება დაზღვევის სტანდარტული პირობები და დამოუკიდებლად არცერთ უწყებას აღარ ექნება პირობების შეცვლის ან მათზე მორგებული პუნქტების დამატების უფლება.

ოფიციალური წერილით სახელმწიფო სტრუქტურებს სულ 6-მა მსხვილმა სადაზღვევო ჯგუფმა მიმართა, ესენია: „ჯი პი აი ჰოლდინგი", "პსპ" დაზღვევა, "უნისონი", "ნიუ ვიჟენ" დაზღვევა, "ირაო" და "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი."