LIVE

Covid-19-ის გავლენა ბავშვებზე

16 თებ 202114:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 4475
Covid-19-ის გავლენა ბავშვებზე

ბავშვები, როგორც წესი, რესპირატორული ინფექციების გამავრცელებლები არიან, თუმცა, Covid-19 ამ თვალსაზრისით გამონაკლისია. მათი რაოდენობა მცირეა იმ პაციენტებს შორის, რომლებიც საავადმყოფოში ხვდებიან. მიზეზად, ბავშვებში დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა სახელდება. თუმცა, დიდია Covid-19-ის არაპირდაპირი გავლენა მოზარდებზე: სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, სკოლის დახურვითა თუ სოციალური იზოლაციით გამოწვეული შფოთვა და დეპრესია. სტატიაში წარმოდგენილია მოსაზრებები, როგორ უნდა უზრუნველვყოთ სკოლებში ბავშვების უსაფრთხოება.

რამდენად დიდია ბავშვებში ინფექციის მიღების რისკი:

WHO-ს მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევების მხოლოდ 8 % მოდის ბავშვებზე. მოზრდილებთან შედარებით, Covid-19-ით ინფიცირებულ ბავშვებს, როგორც წესი, ვირუსი იოლ ფორმებში გადააქვთ და იშვიათად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას.

რატომ შეიძლება იყვნენ ბავშვები ვირუსის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი:

ბავშვებს შეიძლება, ჰქონდეთ უფრო ძლიერი თანდაყოლილი იმუნური რეაქცია ვირუსზე, რომელიც ინფექციის შეღწევიდან რამდენიმე საათში დამცავ მექანიზმებს ააქტიურებს.

მოსალოდნელია თუ არა Covid-19-ის გართულება ბავშვებში:

დიახ. Covid-ით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები უკიდურესად იშვიათია SARS-CoV-2 ინფექციის მქონე ბავშვებში, თუმცა, შეიძლება დაფიქსირდეს იმ ბავშვებში, რომლებიც უკვე არიან დაავადებული სიმსივნით ან სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადებებით. შესაძლებელია, ბავშვების ნაწილს ხანგრძლივად აღენიშნებოდეს ისეთი სიპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, გულის აჩქარება.

არიან თუ არა ბავშვები ვირუსის გამავრცელებლები:

დიახ, მათ შეუძლიათ გადასცენ SARS-CoV-2 სხვა ბავშვებსა და მოზარდებს. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ მცირეწლოვანი ბავშვები არ არიან ვირუსის მთავარი გადამტანები.

რას ცვლის ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენა:

გავრცელებული ინფორმაციით, სექტემბერში დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი B.1.1.7 ვარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე ადრე მოცირკულირე შტამები. გავრცელების მატებასთან ერთად კი, ფიქსირდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის, 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. ვაქცინაციის პროგრამების ამოქმედებასთან ერთად, რომელიც უპირატესობას მოხუცებს ანიჭებს, შემთხვევების ასაკობრივი განაწილება შეიძლება შეიცვალოს. ისრაელში, სადაც ახალი ვარიანტი დეკემბრის შემდეგ გავრცელდა, იანვარში განაცხადეს, რომ ახალგაზრდებში SARS-CoV-2 ინფექციების სწრაფი ზრდა დაფიქსირდა, რაც სკოლების დახურვის გადაწყვეტილების გახანგრძლივების რისკს ზრდიდა. იანვარში 50 000-ზე მეტ ბავშვს დაუფიქსირდა Covid-19,  ახალი ყოველდღიური შემთხვევების წილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში 23% -ით გაიზარდა, იტყობინება სამედიცინო ჟურნალი BMJ.

რამდენად სარისკოა სკოლა:

თებერვალში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით „სწავლის სკოლის კედლებში გადატანა არ უკავშირდება საზოგადოებაში ვირუსის მნიშვნელოვან გადაცემას“. WHO-ს თანახმად, სკოლები Covid-19-ის მთავარი გამავრცელებლები არ არიან. როგორც ჩანს, სკოლის პერსონალი და მოზრდილები არ არიან უფრო მაღალი რისკის მატარებლები, ვიდრე სხვა პროფესიების წარმომადგენლები.

რატომ იხურება სკოლები:

ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რადგან ეს უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვებზე, მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების საკლასო ოთახების გარეთ დატოვება ხელს შეუწყობს გადაცემის შემცირებას, თავყრილობების აკრძალვისა და ნიღბის სავალდებულო ტარების გარეშე, მხოლოდ სკოლების დახურვა საზოგადოებაში ვირუსის გავრცელებას ვერ შეამცირებს.

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სწავლის ხარისხზე:

UNESCO– ს თანახმად, 2020 წელს პანდემიამ გავლენა მოახდინა 1.6 მილიარდზე მეტ სტუდენტზე 190-ზე მეტ ქვეყანაში. სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვამ გაზარდა სოციალური გარიყულობის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ დაინერგა პირისპირ სწავლების ალტერნატივები, დაახლოებით 470 მილიონ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ონლაინ ან სხვა საჭირო დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე.

რა გავლენა მოახდინა სკოლების დახურვამ:

სკოლების ხანგრძლივად დახურვამ შეიძლება გამოიწვიოს გრძელვადიანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ზიანი, რაც ყველაზე მეტად შეეხება სოციალურად დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებს. რაც უფრო დიდხანს არ ივლიან სკოლაში ბავშვები გაჭირვებული ოჯახებიდან, მით უფრო ნაკლები იქნება მომავალში მათი დაბრუნების ალბათობა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანახმად, უღარიბესი ოჯახების ბავშვები თითქმის ხუთჯერ უფრო ხშირად ტოვებენ დაწყებით კლასებს, ვიდრე ყველაზე მდიდარი ბავშვები.

რატომ არის სკოლა მნიშვნელოვანი:

სკოლა არ არის მხოლოდ სწავლების ადგილი. ეს ბევრი ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილია, სადაც სოციალურ, ემოციურ და კვების დახმარებას იღებენ. Unicef- ის თანახმად, სკოლების დატოვება ზრდის თინეიჯერობის ასაკში ორსულობის, სექსუალური ექსპლუატაციის, ადრეული ქორწინებისა და ძალადობის რისკს. სკოლების ხანგრძლივმა დახურვამ შეიძლება შეაფერხოს ისეთი აუცილებელი მომსახურებების მიღება, როგორიცაა იმუნიზაცია და ფსიქოსოციალური დახმარება.

შესაძლებელია თუ არა სკოლებში რისკის შემცირება

დიახ. CDC-მ გამოაქვეყნა სტრატეგია, რომელიც მოიცავს  ნიღბების სწორ გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას, საკლასო ოთახების დასუფთავებასა და მოვლას და კონტაქტის სწრაფ გამოკვლევას, ტესტირებას, სავენტილაციო და ჰიგიენის სათანადო პრაქტიკის უზრუნველყოფას და მშობლებთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან ხშირი კომუნიკაციას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი