LIVE

"ქარი": მალე თბილისის ქუჩებში ელექტრო ველოსიპედები გამოჩნდება

15 ოქტ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 762
"ქარი": მალე თბილისის ქუჩებში ელექტრო ველოსიპედები გამოჩნდება

ელექტრო მოპედების პირველი საზიარო კომპანია "ქარი" დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ერთ ალტერნატიული ტრანსპორტს ამატებს. უახლოეს 10 დღეში, თბილისის მცხოვრებლებს ელექტრო ველოსიპედით გადაადგილებაც შეეძლებათ.

როგორც კომპანია "ქარის" თანადამფუძნებელი დანიელ დოინიცინი "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნავს, ალტერნატიული ტრანსპორტის პროექტის გაფართოების მიზეზი თბილისის საცობი და მასთან გამკლავებაა.

​"დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - მანქანით გადაადგილება, არა მარტო ე.წ. პიკის საათში, არამედ მთელი დღის განმავლობაში უფრო რთულდება. ჩვენს ქალაქში სულ საცობია, ამიტომ გადაწყვიტეთ სიახლე შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის და რამდენიმე დღეში ქუჩებში უკვე გამოჩნდება ელექტრო ველოსიპედები. პირველ, საპილოტე ეტაპზე, ბაზარზე სულ 100 ელექტრო ველოსიპედი იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რაოდენობას მალევე გავზრდით. გვაქვს მოლოდინი, რომ გადაადგილების ეს საშუალება სუპერ პოპულარული გახდება, რადგან ფაქტია, რომ ალტერნატიულ ტრანსპორტზე მოთხოვნა მზარდია", - აღნიშნავს დანიელ დოინიცინი.

მისივე თქმით, ელექტრო ველოსიპედის უპირატესობა ისაა, რომ ამ ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლიათ ადამიანებს, რომელთაც მართვის მოწმობა არ აქვთ. ამასთან, მსგავსი პროექტი შესაძლოა დედაქალაქის მერიისთვის ერთგვარი წამახალისებელი აღმოჩნდეს, რათა შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ეფექტურად და დროულად იმუშაოს.

"არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად მოპედით ან სქროლით გადაადგილება უჭირთ. თანაც მოპედს მართვის მოწმობა სჭირდება, ელექტრო ველოსიპედების ბაზარზე შემოყვანით კი ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებასაც ვისახავთ მიზნად. თანაც, ამ შემთხვევაში მცირდება ასაკობრივი შეზღუდვაც და რაც მთავარია, ესაა სრულიად ჯანსაღი გადაადგილების საშუალება. ამიტომ, გადავწყვიტეთ რომ მომხმარებლებს უფრო მეტი არჩევანის გაკეთების საშუალება მივცეთ. ყველაფერთან ერთად, ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარებამ შესაძლოა შესაბამის ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნაც გაზარდოს და იქნებ, დედაქალაქის მერიაც წახალისდეს", - ამბობს დანიელ დოინიცინი.