LIVE

ბიზნესმენების დაშანტაჟების გამო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 4 პირი დააკავეს

13 ოქტ 202214:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
ბიზნესმენების დაშანტაჟების გამო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, თბილისში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს.

სამინისტროს განმარტებით, ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელს კომპანიის წილის ნახევრის ნ. ჯ.-ის სახელზე გადაფორმება მოსთხოვეს, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი ნ. ჯ. და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ.ა., „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა.

ბრალდებულებმა, აღნიშნული დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თბილისში მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ - ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა.

ე.წ. ქურდული გარჩევის დროს, ნ.ჯ-მ და ვ.დ.-მ, დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყებით ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული ნ. ჯ. (მეტსახელად „ჯოჯიკა“), 1983 წელს დაბადებული გ. ა. (მეტსახელად „მავნე“) და 1977 წელს დაბადებული ვ. დ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არიან დაკავებული. ხოლო, 1997 წელს დაბადებული ა.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.