LIVE

აშშ Facebook-ის წინააღმდეგ - რა ელის ცუკერბერგის იმპერიას

10 დეკ 202013:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 362
აშშ Facebook-ის წინააღმდეგ - რა ელის ცუკერბერგის იმპერიას
Bloomberg L.P.

Facebook-ი არსებობის ისტორიაში უდიდესი შეტევის სამიზნეა მარეგულირებელი უწყების მხრიდან. აშშ-ს ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC), ანტიმონოპოლიური სარჩელი აღძრა, რომლითაც სოციალური მედიის გიგანტს ბიზნესის დანაწევრება მოუწევს, რადგან მარეგულირებელს სურს მან Whatsapp-ი და Instagram-ი გაასხვისოს.

FTC-ი მიიჩნვს, რომ Facebook-მა ამ ორი სოციალური ქსელის შესყიდვით გლობალურ კომუნიკაციებზე ზეგავლენა მნიშვნელოვნად გაიძლიერა და ამგვარად, ბაზარზე კონკურენცია საგრძნობლად შეზღუდა. კომპანიამ Instagram-ი 2012 წელს შეისყიდა $715 მილიონად, ხოლო WhatsApp-ი 22 მილიარდი დოლარი დაუჯდა 2014 წელს. ამ გარიგებებზე მარეგულირებელმა უწყებამ თავის დროზე თანხმობა გასცა, თუმცა ახლა განმარტავს, რომ მაშინ Facebook-მა ისინი ისე შეფუთა, თითქოს კონკურენციიდან მომავალი საფრთხეები უნდა გაენეიტრალებინა. ახლა FTC სხვა რეალობას ხედავს - სადაც სოციალური მედიის გიგანტი ბაზარს თითქმის სრულად აკონტროლებს და ეს უკვე აღარ მოსწონს. 

ამ ორ ბიზნესზე უარის თქმის მოთხოვნა ცუკერბერგის იმპერიისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მისი შემოსავლების ზრდის დიდი წილი სწორედ ამ პლატფორმებზე მოდის და მათი დაკარგვა ნეგატიურად აისახება სოციალური ქსელის გიგანტის საბაზრო ღირებულებაზე.

Bloomberg-ის თანახმად, სოციალური მედიის გიგანტის აქციებზე ფასი ერთ დღეში 4%-ით დაეცა, მაშინ როცა კომპანიას მიმდინარე წელს 35%-იანი ჯამური ზრდა ჰქონდა. 

მეორე მხრივ, როგორც დენ აივსი, Wedbush Securities- ის ანალიტიკოსი აცხადებს Bloomberg-თან, კომპანიის დაშლის რეალური შანსი მცირეა, კონგრესის საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რაც, მისი აზრით, ნაკლებ მოსალოდნელია.

"ამბავი ხმაურიანია, მაგრამ ფეისბუკისთვის სიტუაცია უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება," - ამბობს აივსი.

და მაინც, FTC-ს სურვილს, ნაწილებად დაშალოს Facebook-ი ბაზარზე კონკურენციის აღსადგენად, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება კომპანიის აქციების ღირებულებაზე.

თავად ცუკერბერგმა თანამშრომლებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ კომპანიის კონკურენცია "ძლიერია, თუმცა სამართლიანი" და ის ამით ამაყოფს. მან ასევე დასძინა, რომ Instagram-სა და whatsapp-ში Facebook-ის ინვესტიციების გარეშე, დღეს ეს ბიზნესები იქ არ იქნებოდნენ, სადაც არიან.

იძულებით დაშლას Facebook-ზე გავლენა სხვადასხვა მიმართულებით ექნება:

ელექტრონული კომერცია

Facebook-ს საკუთარ პლატფორმაზე რეკლამის რესურსი ნელ-ნელა ეწურება, რადგან გადაჭარბებული რეკლამა მომხარებლის გამოცდილებას აუარესებს, ამიტომ შემოსავლების ელექტრონული კომერციის გზით ზრდასთან დაკავშირებული მისი გეგმა ძალიან ბუდოვანი ხდება WhatsApp-ის გარეშე, რომელიც ამ სტრატეგიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

შემოსავლები

ბოლო პერიოდში Facebook-ისთვის შემოსავლების ზრდის გამწევი ძალა Instagram-ია. Bloomberg– ის ცნობით, აპლიკაციამ მხოლოდ 2019 წელს $20 მილიარდი შემოსავალი მოიტანა, რაც გასულ წელს Facebook რეკლამების გაყიდვების 29% –ს უტოლდება. კვლევითი ფირმის EMarketer– ის შეფასებით, Instagram-ის 2020 წლის გაყიდვები 28 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ანუ Facebook– ის ჯამური შემოსავლების 37%-ს. შესაბამისად, Instagram-ის დათმობა Facebook-ის შემოსავლებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. 

საერთაშორისო ბაზარი

ზოგიერთ ქვეყანაში WhatsApp-ს და Instagram-ს ბევრად მეტი მომხარებელი ჰყავს ვიდრე მათ დედობილ სოციალურ ქსელს. მაგალითად, ინდოეთში WhatsApp– ს 100 მილიონით მეტი ადამიანი მოიხმარს, ვიდრე Facebook-ს, იაპონიაში კი Instagram-ის მომხმარებელთა რაოდენობა 70%–ით აჭარბებს Facebook-სას. 

მიუხედავად იმისა, რომ Facebook უმსხვილესი სოციალური ქსელია მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, Instagram და WhatsApp კომპანიას ბევრად უფრო მეტ გავლენას ანიჭებს, ვიდრე მის დამოუკიდებელი სერვისს ექნებოდა. ამ აპლიკაციების დაკარგვა მკვეთრად შეამცირებს Facebook- ის მომხმარებელთა მთლიან ბაზას და, შესაბამისად, მის შემოსავალსაც.

დემოგრაფია

ყველა იყენებს Facebook- ს. ყველა, თინეიჯერების გარდა. Pew Research- მა დაადგინა, რომ 2018 წელს 13-დან 17 წლამდე მომხმარებლების მხოლოდ ნახევარი იყენებს Facebook-ს, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 71%-ი იყო. ამ ფონზე, აშშ-ს თინეიჯერების 72% აქტიურად იყენებს Instagram-ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Facebook-ი მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც მისი პლატფორმის მიმართ ლოიალური არ არის, სხვა აპლიკაციებით იზიდავს. შესაბამისად, Instagram-ის გარეშე, ფეისბუქს გაუჭირდება ახალგაზრდულ Snapchat-თან ან TikTok-თან კონკურენცია და მოუწევს საკუთარი პროდუქტი შექმნას ამ სეგმენტის ასათვისებლად, რასაც თავის მხრივ დრო დასჭირდება.

რეპუტაცია

მას შემდეგ რაც Facebook-ის სახელს პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების, დეზინფორმაციული კამპანიების, არჩევნებში პროპაგანდისტულ იარაღად გამოყენების და უკანონო მოსმენების ბრალდებები დაუკავშირდა, მასზე უარს სულ უფრო მეტი მომხმარებელი ამბობს. ამასობაში, მისი შვილობილი აპლიკაციები გაცილებით უფრო დიდი ნდობით სარგებლობენ ინტერნეტ აუდიტორიაში და მათ პოზიტიურ გავლენასთან ასოცირება Facebook-ისთვის რეპუტაციულადაც ძალიან მნიშვნელოვანია.

WhatsApp + Instagram

გარდა იმისა, რომ ეს კომპანიები გარდამტეხი მნიშვნელობისაა Facebook-ის განვითარების სტრატეგიისთვის, ამდენადვე მნიშვნელოვანია Facebook-თან პარტნიორობა მათთვისაც. WhatsApp ამჟამად საერთოდ არ არის შემოსავლებზე ორიენტირებული, თუმცა ელექტრონულ კომერციის მიმართულებით გააქტიურების გეგმა აქვს, რომელსაც Facebook კურირებს. სოციალური მედიის გიგანტის შემოსავლების გარეშე WhatsApp-ს არაერთი გამოწვევა ექნება. რაც შეეხება ინსტაგრამს, მის ოპერაციების დიდი ნაწილი Facebook-ს ეყრდნობა. ამ კავშირის გარეშე, ინსტაგრამს საკუთარი ინსტრუმენტების შექმნა მოუწევს, რაც ადვილი არ იქნება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კურტ ვაგნერი და სარა ფრიერი