
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტით, ევროკავშირის უფლებამოსილება იზრდება. მას ახლა შეუძლია, რომ მიღებული ამკრძალავი ზომები მიმართოს როგორც ბლოკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სანქციების აღსრულებას ხელს უშლიან.
სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა გასულ კვირას მიიღეს, უფლებამოსილია განსაზღვროს "ფიზიკური და იურიდიული პირები ან ორგანოები", რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას.
საკითხში გარკვეული პირების თქმით, სანქციების ასეთი ექსტრატერიტორიული განსაზღვრება ძირითადი პოლიტიკის ცვლილებაზე მიუთითებს.
ეს ზომები შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინც, მესამე ქვეყნის გავლით, ახორციელებს აკრძალული რუსული საქონლის იმპორტს ევროკავშირში, ბუნდოვანს ხდის საქონლის წარმომავლობას, ან ვინც ეწევა აკრძალული ნივთების ექსპორტს მოსკოვში.
Bloomberg არაიდენტიფიცირებად პირებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ პაკეტი საშუალებას აძლევს ბლოკს, სანქციები დაუწესოს ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან აკრძალვებისთვის თავის არიდებაში.
ევროკავშირის თანახმად, ადამიანები და კომპანიები, რომლებიც გვერდს უვლიან მის სანქციებს, ხელს უწყობენ უკრაინაში დესტაბილიზაციას და, შედეგად, ბლოკი საჭიროდ მიიჩნევს მათ წინააღმდეგ ზომების გატარებას.
ევროკავშირი კრიტიკულად იყო განწყობილი ამ ე.წ. მეორადი სანქციების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ EU Strategies-ის მმართველი პარტნიორის, ტომაშ ვლასტოვსკის თქმით, ამ ნაბიჯით ის ახლა უახლოვდება უცხოური კომპანიების მიმართ სანქციების პირდაპირ აღსრულებას.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ზომები იქნება ისეთივე შორს მავალი, როგორიც მაგალითად, შეერთებული შტატების, რომელიც სანქცირებულებს თავისი ფინანსური სისტემიდან წყვეტს, თუმცა სანქცირებულ ოპერატორებს, რომლებიც ევროკავშირში არ არიან რეგისტრირებული, გეგმის მიხედვით, გაეყინებათ ევროკავშირში არსებული აქტივები, ფიზიკურ პირებს კი ბლოკში შესვლა აეკრძალებათ.
ევროკავშირში რეგისტრირებულ ადამიანებსა და კომპანიებს გაუჭირდებათ სანქცირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან საქმის წარმოება.
კომისია დამატებით მუშაობს დოკუმენტზე, რომელიც ბლოკს სანქცირებული პირების აქტივების ჩამორთმევის საშუალებას მისცემს. ამჟამინდელი წესები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, რაც სამართავად ძვირი ჯდება, მათი გამოყენება ან განკარგვა კი რთულია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი, სტეფანი ბოდონი და იან ბრატანიჩი